სოციალური რეკლამის კანონპროექტი

ენმ პრეზიდენტს მორიგი ვეტოს დადებისკენ მოუწოდებს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა გიორგი მარგველაშვილს სოციალურ რეკლამასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე ვეტოს დადებისკენ მოუწოდებს.

ენმ-მ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ამ კანონპროექტის მიღება კერძო მაუწყებლების ფინანსურ და სარედაქციო დამოუკიდებლობას ლახავს.

„კანონის პროექტი ახლებურად არეგულირებს სამაუწყებლო კომპანიებში სოციალური რეკლამის განთავსების პირობებს. ახალი რეგულაციები ლახავს კერძო მაუწყებლების როგორც ფინანსურ, ისე სარედაქციო დამოუკიდებლობას და ქმნის მედიაზე ზეწოლის რეალურ ბერკეტებს, რაც ეწინააღმდეგება დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებს და ევროპის კავშირთან ასოცირების შეთანხმებით საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებებს“, - ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებაში ასევე საუბარია მედიისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების შენიშვნებზე, რომელსაც ენმ სრულიად იზიარებს.

„კანონი საფრთხეს უქმნის ფინანსურ დამოუკიდებლობასა და სტაბილობას: სოციალური რეკლამის განთავსებისას კერძო მაუწყებელი იბეგრება, შესაბამისად, ეს მისთვის ფინანსურად ისედაც წამგებიანია. ასევე, კანონპროექტის შინაარსიდან და კანონპროექტის განმარტებით ბარათში აღნიშნული ინფორმაციიდან გამომდინარე, არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ წინასაარჩევნო პერიოდში ადმინისტრაციული ორგანოები უფრო აქტიურად დაიწყებენ სოციალური რეკლამების მომზადებას, რასაც დაემატება უფასო პოლიტიკური რეკლამების განთავსების ვალდებულება.

კონკრეტული შინაარსის სოციალური რეკლამა შესაძლოა ეწინააღმდეგებოდეს კერძო არხის სარედაქციო პოლიტიკას, რომელიც შესაძლოა განსხვავდებოდეს ადმინისტრაციული ორგანოს პოზიციისაგან. თუ კერძო მაუწყებლებს დაეკისრებათ ვალდებულება ამ შინაარსის რეკლამები განათავსონ ეთერში, ეს შეიძლება შეფასდეს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვად.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიას უჩნდება მაუწყებლებზე ზეწოლის ახალი  როლი. შემოთავაზებული ცვლილებების მიხედვით, ადმინისტრაციულ ან/და საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციასთან დაკავშირებით, ერთ-ერთი მხარის მიმართვის საფუძველზე, გადაწყვეტილებას მასალის განთავსებასთან დაკავშირებით იღებს კომისია“, - წერია განცხადებაში.

ნაციონალური მოძრაობა მოუწოდებს საქართველოს პრეზიდენტს, ამ კანონპროექტს ვეტო დაადოს.

„ჩვენი მხრივ, ამ კანონის მიღების შემთხვევაში გავასაჩივრებთ საკონსტიტუციო სასამართლოში, რადგან მიგვაჩნია, რომ ამ კანონით ირღვევა საქართველოს კონსტიტუცია“, - წერია ენმ-ის განცხადებაში.

კომენტარები