ეკონომიკური თავისუფლება

მსოფლიო ბანკის ლოჯისტიკის ინდექსში საქართველოს პოზიცია 39 ადგილით გაუარესდა

მსოფლიო ბანკის ლოჯისტიკის ინდექსში Logistics Performance Index-ში საქართველომ აღრიცხული 160 ქვეყნიდან 116-ე ადგილი დაიკავა. ლოჯისტიკის ინდექსი ქვეყნის საერთაშორისო ვაჭრობის პოტენციალსა და სასაზღვრო კონტროლის სტრუქტურას აფასებს.

მსოფლიო ბანკი ინდექსს ორ წელიწადში ერთხელ ადგენს. 2012 წლის შეფასებით, საქართველო აღნიშნულ ინდექსში 77-ე ადგილს იკავებდა, 2010 წელს კი 93-ე ადგილი ეკავა.

ლოჯისტიკის ინდექსში საქართველოს პოზიციის გაუარესება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გენერალურმა მდივანმა ზურა ჯაფარიძემ შეაფასა. მისი თქმით, ინდექსში პოზიციის 39 ადგილით გაუარესება ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალზე უარყოფითად აისახება, რაც ქვეყნის საერთაშორისო სატრანზიტო პოტენციალის შესუსტებას ნიშნავს. ჯაფარიძის თქმით, საქართველო რეგიონულ ჰაბად ქცევის პოტენციალს კარგავს.

ინდექსი სასაზღვრო კონტროლისათვის საჭირო პროცედურებს აფასებს, მისი შედგენის დროს განიხილება თუ რა რაოდენობის პროცედურების გავლა არის საჭირო საქართველოს ტერიტორიაზე მოსახვედრად, პროცედურების რაოდენობასთან ერთად ფასდება ამ პროცედურებისათვის საჭირო დროისა და ფულადი სახსრების რაოდენობა. 

ლოჯისტიკის ინდექსი მსოფლიო ბანკმა პირველად 2007 წელს გამოაქვეყნა, მაშინ საქართველო რეიტინგში განხილულ ქვეყნებს შორის არ ყოფილა.

კომენტარები