ISIS

ISIS-ის საველე მეთაურის საიდუმლო ცხოვრება

აბუ ომარ ალ-შიშანს სასტიკი და მშვენიერი ჩეჩენი ცოლი ჰყავს. მან სადაზვერვო ოპერაციების წარმართვა აშშ-სგან ისწავლა. მისი უფროსი ძმა კი შესაძლოა ISIS-ის ნამდვილი გენიოსი იყოს. ტაბულამ The Daily Beast-ის თანხმობით 27 ოქტომბერს გამოქვეყნებული სტატია თარგმნა, რომელიც ISIS-ის მხედართმთავრის საიდუმლო ცხოვრებაზე მოგვითხრობს.

პანკისის ხეობა, საქართველო - წამებულთა დედა, ქალი, რომელმაც 50 წელს გადააბიჯა, დახვეწილად ლამაზია. მის სახეზე ტკივილია ასახული. ფოტოალბომის შემხედვარე, წაბლისფერ თვალებს მალავს და ქვითინს იწყებს. ამ დროს ჩეჩნეთის საზღვრის მახლობლად მდებარე ქართულ სოფელ ჯოყოლოში ლოცვისაკენ მოწოდების ექო ვრცელდება.

დედა მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე სახელგანთქმულ მოჯაჰედზე მოგვითხრობს. კაცზე, რომელიც ამერიკელთა და ბრიტანელთა მიერ გაწვრთნილ სადაზვერვო ქვედანაყოფში მსხახურობდა. კაცზე, რომელიც ISIS-ის მებრძოლთა სახეა და რომელმაც ამ ქალის შვილის ცოლი საკუთარ პატარძლად აქცია.

დედა, ლეილა აჭიშვილი, ცდილობს, იყოს თავშეკავებული, მაშინაც კი, როდესაც ორივე ვაჟიშვილის, ჰამზათ და ხალიდ ბორჩაშვილების სიკვდილზე საუბრობს. ხელსახოცების ყუთის ნახევარი მან უკვე გამოლია, არადა, თხრობა ეს-ესაა დაიწყო.

რვა მილის სიგრძის პანკისის ხეობა კავკასიაში სახელგანთქმულია, როგორც კანონს მიღმა დერეფანი, რომლის გავლითაც იარაღის, ნარკოტიკებისა და მოჯაჰედების ფარული გადაადგილება ხდება ჩეჩნეთში, მხოლოდ რამდენიმე მილის დაშორებით ჩრდილოეთით და სამხრეთით. ეს ასევე იმ მცირეოდენ ადგილთაგანია საქართველოში, სადაც სალოცავად მოწოდების ნაღვლიანი სილამაზე კვლავ შეიძლება მოვისმინოთ. დღეს პანკისში სირიასთან უფრო მეტი სიახლოვე იგრძნობა, ვიდრე საქართველოს სახელმწიფოსთან, რომელსაც ის ეკუთვნის.

სუნიტური ვაჰაბიზმის რადიკალურმა ვერსიებმა ახალგაზრდა თაობაში, პანკისის მოსახლეობის ქისტურ უმრავლესობაში გავრცელებული ტრადიციული ზომიერი სუფისტური ისლამი ჩაანაცვლა. აქ ყოვლისმომცველი უმუშევრობა სუფევს, რის გამოც ამ გულგატეხილი ქართველი ახალგაზრდა ჯიჰადისტების უმრავლესობა მეზობელი თურქეთის გავლით სირიისკენ მიემართება. მათთვის შთაგონება ადგილობრივი ლეგენდა და ISIS-ის მეთაური აბუ ომარ ალ-შიშანია, რომელმაც იგივე გზა მხოლოდ რამდენიმე წლის წინ გაიარა.

მოსახლეობაში ამბები და ჭორები ვრცელდება - ჩურჩულებენ მის უზარმაზარ ვილაზე, მამულსა და პირად ჰარამხანაზე, 40 კაციან დაცვაზე, ჯავშნიანი ყველგანმავლების კავალკადაზე, ახლა კი მის მომაჯადოებელ და ულმობელ ჩეჩენ მებრძოლ ცოლზეც. ამ ახალგაზრდა კაცებისთვის, მათი თანამემამულე პანკისელი უკვე იქცა ნაწილობრივ იოსებ სტალინად, ნაწილობრივ კი მედიისთვის კარგად ნაცნობ, ისლამური სახალიფოს როკ ვარსკვლავად. მიუხედავად ამისა, მამამისზე დაყრდნობით, აბუ ომარ ალ-შიშანი მხოლოდ მირაჟია: მისი უფროსი ძმაა ის, ვინც ISIS-ის შოუს წარმართავს.

********

სახელი, რომლითაც აბუ ომარ ალ-შიშანი გაიზარდა, თარხანია. ჩვენ მის მშობლიურ ქალაქში იმ ადამიანებს ვესაუბრებით, რომლებსაც ერთ დროს ის უყვარდათ, და ალბათ კვლავაც უყვართ. სწორედ ამიტომ, ჩვენც ამ სახელს გამოვიყენებთ. თარხანის მამა, თემური, შეჭაღარავებული, ახირებული, კარგად ნაკითხი მოხუცი ქრისტიანია, რომელსაც თვითირონიის საკმაოდ მძაფრი შეგრძნება აქვს. საკუთარი შვილების ამბავს ის The Daily Beast-თან საკმაოდ ვრცელ, თითქმის ექსცენტრიულ ინტერვიუში მოგვითხრობს, სოფელ ბირკიანში, იმ პატარა რუხ სახლში სადაც მისი ბიჭები გაიზარდნენ.

"მე მაწანწალასავით ვარ," ამბობს მოხუცი კაცი. "ჩემი შვილი ისლამური სახალიფოს ერთ-ერთი დამფუძნებელია, მე კი აქ სიღარიბეში ვკვდები! შეხედეთ! შეხედეთ, სად ვცხოვრობ!" თემურის თქმით, შვილმა ის სირიაში დაპატიჟა. "მან მითხრა, 'მამა, წამოდი ჩემთან ერთად. შენ ისე იცხოვრებ, როგორც სამოთხეში.' მე ვუპასუხე, 'შენი სამოთხე შენთვის შეინახე, მე აქ, ჩემი სახლი მირჩევნია."

მიუხედავად იმისა, რომ თარხანი სახელგანთქმულია, როგორც "საღვთო მებრძოლი", მამა არ თვლის, რომ ის განსაკუთრებით რელიგიური იყო. დედამისი მუსლიმური ოჯახიდან იყო, თუმცა თარხანი დიდ ინტერესს რელიგიისადმი არასდროს ამჟღავნებდა. მოხუცი კაცი ამტკიცებს, რომ ციხეში მოხვედრამდე თარხანი საერთოდ არ იყო რელიგიური. მეტიც, სავარაუდოდ, აფრთხილებდა კიდეც უფროს ძმებს ისლამური ფანატიზმის საფრთხეებზე, განსაკუთრებით თამაზს, რომელიც ჩეჩნეთში იბრძოდა: "'იყავით საქართველოს მოქალაქეები,' ეუბნებოდა ხოლმე თარხანი თამაზს, 'შენ ომში ხარ, შეიძლება იქ იბრძოლო, მაგრამ მათ შეხედულებებს ნუ გაითავისებ.' ახლა კი ნახეთ, რა მოხდა! ხედავთ როგორ შეიძლება შეიცვალოს ადამიანი?"

მსოფლიოს უსასტიკესი დიქტატორების, სამხედრო ლიდერების, ტირანებისა და მოჯაჰედების უმრავლესობის მსგავსად, ირკვევა, რომ თარხანიც საუკეთესოებმა გაწვრთნეს: შეერთებული შტატების სახელმწიფომ. მამამისზე და ყოფილ კოლეგებზე დაყრდნობით, თარხანი რჩეულ "სპეცნაზში", საქართველოს სამხედრო დაზვერვის ქვედანაყოფში მსახურობდა, სანამ ტუბერკულოზი დაემართებოდა და სამსახურს დაკარგავდა. მოგვიანებით ის იმავე სამხედრო დაზვერვის ქვედანაყოფმა გამოააშკარავა და 2010 წელს ციხეში იარაღის უკანონო შენახვის გამო აღმოჩნდა.
თარხანის მამა ამტკიცებს, რომ მისი შვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს კუდისთვის მუშაობდა, რომელიც საქართველოში დაზვერვებისა და სპეცოპერაციების ადგილობრივი სამსახურია და ოფიციალურად კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტი ჰქვია. სააგენტო სისასტიკით იყო ცნობილი. კითხვაზე, მართალი იყო თუ არა რომ მისი შვილი შეერთებულმა შტატებმა გაწვრთნა, თემური ამბობს: "რა თქმა უნდა. მაშინ მათ მთელი ქართული არმია გაწვრთნეს... ჩემი ბიჭი მხოლოდ 19 წლის იყო, როდესაც ის ჯარში წავიდა. ადგილი, სადაც ის მუშაობდა, კუდი, სადაზვერვო ქვედანაყოფი იყო."

შეერთებული შტატების მთავრობა ღიად წვრთნიდა და აფინანსებდა ქართულ შეიარაღებულ ძალებს ათწლეულზე დიდხანს. ეს საიდუმლო არ არის. გასულ თვეს, როდესაც აშშ-ის თავდაცვის მდივანი ჩაკ ჰეიგელი საქართველოს ესტუმრა, ის კრწანისის ეროვნულ საწვრთნელ ბაზაზე, თბილისის მახლობლად, აშშ-ს საზღვაო კორპუსის წევრებს შეხვდა, რომლებიც უკანასკნელი 12 წლის მსგავსად კვლავაც განაგრძობენ ქართული ჯარის გაწვრთნას.

The Daily Beast-მა გაარკვია, რომ ახალგაზრდა, სუფთად გაპარსული თარხანი აშშ-ის მიერ დაფინანსებულ ქართულ ჯარს 2006 წელს შეუერთდა. ის სწრაფად დაწინაურდა. გაიწვიეს ახლად შექმნილი "სპეცნაზის"დაზვერვის განყოფილებაში და 2008 წლის საქართველო-რუსეთის ომის დროს სადაზვერვო ოპერაციებს აწარმოებდა რუსულ სატანკო ბრიგადებზე. ლევან ამირიძემ, თარხანის მეგობარმა და სამხედრო კოლეგამ, რომელთან ერთად ის მოგვიანებით ციხეშიც იჯდა, დაადასტურა, რომ თავდაცვის სამინისტროს "საიდუმლო სამსახურების" ოფიცრებს ამერიკელი და ბრიტანელი ინსტრუქტორები რუტინულად წვრთნიდნენ. ამიტომ, ეჭვი არ არის, რომ ISIS-ის პანკისელი სამხედრო მეთაური ან ამერიკელებმა გაწვრთნეს, ან კი ამერიკელების მიერ გაწვრთნილმა ოფიცრებმა.

თუმცა, ამერიკული წვრთნებისა და საბრძოლო გამოცდილების მიუხედავად, თარხანის მამა თავის შვილს სამხედრო ლიდერად ვერ ხედავს. თემური თავის უმცროს ვაჟიშვილს მსხვერპლად მოიაზრებს. ინტერვიუს მიმდინარეობისას მამა იმ ურთიერთობის მონახაზს აკეთებს, რომელითაც მისი ორი ვაჟი საკმაოდ შორს წავიდა სირიაში თავიანთ განკარგულებაში მყოფი ISIS-ის ჯარების შექმნასა და დამალვაში.

"თარხანი 27 წლისაა, მეტის კი არა - ბავშვია! თამაზია მისი მასწავლებელი. თამაზმა, რაც გამაჩნდა, ყველაფერი გაანადგურა," ამბობს ის. "თამაზი ყველაფერია, მთავარი მოთამაშეა; თარხანი არავინაა." თამაზი იყო ის ვინც 90-იან წლებში ჩეჩენთა შემზარავი ამბოხის დროს გროზნოში წავიდა რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლველად. თამაზი იყო ის, ვინც მთელი თავისი ოჯახი სირიაში წაიყვანა. "ისინი ერთად არიან. თამაზი მისი მენტორია. ის გროზნოს იმ უზარმაზარ ომს გადაურჩა და უკან ცოცხალი დაბრუნდა. მაგრამ, სირიაში, თამაზი საკუთარ თავს არ ამჟღავნებს."
გამორჩეული წითელწვერა მოჯაჰედი თარხანი, აბუ ომარი, ერთ-ერთი ყველაზე აქტიურად ძებნილი ტერორისტია პლანეტაზე, შეიძლება, მართლაც ნომინალური მეთაურია მისი უფროსი ძმისთვის, რომელიც იმ ჩეჩნური დაჯგუფებების საიდუმლო ლიდერია, რომელიც სირიასა და ერაყში ISIS-ის იერიშებს ახორციელებს.

თუ ეს სიმართლეა, ნათელი ხდება, რატომ ჩანს თარხანი ხშირად კამერების წინ ISIS-ის დანარჩენი მეთაურებისგან განსხვავებით. ისინი ილუზიას ქმნიან, რომ ის არის "გველის თავი" - როდესაც ISIS-ის სირიული მოქმედებების ნამდვილი არქიტექტორი, თამაზ ბათირაშვილი, ჩრდილში რჩება.

ძმებს მსგავსი ნაკვთები აქვთ, მსგავსი ცხვირი, წითური წვერი, თუმცა, როგორც გვითხრეს, თამაზი სამხედრო ფორმას არ ატარებს. ის უბრალოდ, მოსასხმელით იმოსება და თავზე ჩალმა აქვს მოხვეული. ისინი ორ, საკმაოდ განსხვავებულ როლს თამაშობენ, თუმცა პანკისელების თქმით, უმალ მიხვდები, რომ ძმები არიან. ილუზიისა და ტერორის შემზარავ თამაშში მათი ტაქტიკა საკმაოდ ჭკვიანურია, რაც ასე მნიშვნელოვანია თვითგამოცხადებული სახალიფოს მისტიკურობისა და დაპყრობებისთვის.

თამაზის დიდი მნიშვნელობა მხოლოდ მოხუცი კაცის ფანტაზიის ნაყოფი არ არის. მისი გამორჩეულობა და მნიშვნელობა ქართული დაზვერვისთვის, ყოფილმა ქართველმა სამხედრო ჩინოსანმა დაადასტურა, რომელიც იმ პირობით გვესაუბრა, რომ მის იდენტობას არ გავამხელდით.

პანკისურ ჯგუფში, რომელიც ქართულ სადაზვერვო სამსახურში მუშაობდა, ბევრად უფრო პროფესიონალი და გამოცდილი კაცები იყვნენ. "თარხანი ახალბედა იყო," ამბობს ეს წყარო. "ჩვენ ის მხოლოდ იმიტომ გავიწვიეთ, რომ მისი ძმით, თამაზითა და მათი მეგობრებით ვიყავით დაინტერესებულნი, რომლებიც 'ნამდვილი მგლები', გამოცდილი ჯარისკაცები და ჩეჩნეთის ომის ევტერანები იყვნენ. ჩვენ მათ მიმართ გარკვეული ინტერესი გვამოძრავებდა." არსებობს ეჭვი, რომ საქართველოს ანტიტერორისტული ცენტრი მოჯაჰედებს იწვევდა ხოლმე პანკისიდან, რათა მათ გროზნოში რუსული ჯარების წინააღმდეგ ებრძოლათ. თუმცა ეს ის ბრალდებაა, რომელსაც საქართველოს მთავრობა მუდამ უარყოფდა.

როდესაც თარხანი ტუბერკულოზით დაავადდა და დაითხოვეს, სახელმწიფომ მას არც პენსია მისცა და სამედიცინო დახმარებაც არ გაუწევია. მისი ბრაზი სულ უფრო იზრდებოდა. შემდეგ მთავრობა მის წინააღმდეგ წავიდა, ბრალად იარაღის უკანონოდ შენახვა დასდო - ისევე, როგორც მის უფროს ძმას, წლების წინ - და ციხეში ჩასვა.

"არ ვიცი, მართლაც იყო თუ არა ჩართული იარაღის კონტრაბანდაში, თუმცა მისი მეგობრების უმეტესობა, მათ შორის ისინიც, ვინც მასთან ერთად დააკავეს, სავარაუდოდ მართლაც აკეთებდნენ ამას," თქვა იმავე ყოფილმა სამხედრო მაღალჩინოსანმა. "ზოგიერთი ნარკომანიც კი იყო. თარხანი კი ფიქრობდა, რომ მათ გამოასწორებდა და პანკისში იარაღის ყიდვით დაინტერესებულ ადამიანებთან აკავშირებდა."

**********

მოწამეების მშვიდად მოსაუბრე დედის, ლეილას სახლი თბილი და ელეგანტურია. ძალიან განსხვავდება ბობოქარი თემურის, თარხანის მამის პატარა ქოხისგან. თუმცა, ლეილას კერიაც იმ ვაჰაბიტი მოჯაჰედების ბავშვობის სახლია, რომლებმაც პანკისი თარხანთან ერთად სირიაში საბრძოლველად დატოვეს. არც ლეილას შვილები, ჰამზათ და ხალიდ ბორჩაშვილები დაბრუნებულან შინ. თემურს და ლეილას კიდევ ერთი უცნაური საერთო აქვთ, მათ საერთო რძალი ჰყავთ.

მისი სახელი სედა დუდურხაევაა, თუმცა დღეს ის აიშად იწოდება. დიდი წაბლისფერი თვალებით, გრძელი წამწამითა და ვნებიანი ნაკვთებით, ის ერთ დროს ჩეჩნეთის ყველაზე სასურველი საპატარძლო იყო. სედა ასუ დუდუხაევის ქალიშვილია. დუდურხაევი მინისტრი იყო ჩეჩნეთის პრეზიდენტი რამზან კადიროვის მთავრობაში, რომელმაც ის იმ მიზეზით გადააყენა, რომ თავის ფანატიკოს ქალიშვილს ვერ აკონტროლებდა.

კადიროვს საკმაოდ ახლო ურთიერთობა აქვს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან და სირიაში ასადის რეჟიმის აქტიური მხარდამჭერია. მან მინისტრის გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია თავის აბსურდულად აქტიურ Instagram-ის გვერდზე შარშან ნოემბერში გაავრცელა: "დუდურხაევს, როგორც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სტრუქტურის ლიდერს, არ აქვს მორალური უფლება, ხელქვეითებს ზნეობაზე, პატრიოტიზმსა და რელიგიაზე ესაუბროს. მისი საკუთარი ქალიშვილი ვაჰაბიტებისა და ბანდიტების რიგებშია, რომლებიც მშვიდობიანი მოქალაქეების სისხლს ღვრიან და სირიაში ისლამურ სიწმინდეებს აფეთქებენ."

სედა, ჩეჩენი ლამაზმანი, პირველად სირიაში ლეილას შვილთან, ჰამზათთან დასაქორწინებლად ჩავიდა. ლეილას ქვითინი მისი ამბის განვითარებასთან ერთად ძლიერდება. ის ამბობს, რომ შვილები ჯერ კიდევ ბიჭები იყვნენ როდესაც საცხოვრებლად ყოფილ ქმართან ავსტრიაში გაგზავნა. ფიქრობდა, რომ ქმარი მეტს და უკეთესს მისცემდა მათ. სურდა, გაერიდებინა ბიჭები მზარდი რადიკალიზმის ატმოსფეროსგან, რომელიც პანკისში სუფევდა. ახსოვს, ერთხელ, როცა რამზათი მხოლოდ 12 წლის იყო, ის სახლში ვაჰაბიტი ექსტრემისტების გავლენით შემოსილი დაბრუნდა. "ვფიქრობდი, ევროპაში მიატოვებდნენ ვაჰაბიტურ სწავლებებს, თუმცა ვცდებოდი," ამბობს ის.

15 წლის შემდეგ, როდესაც ჰამზათი ავსტრიიდან პანკისში დაბრუნდა, ის კარგად განათლებული ახალგაზრდა იყო, შეეძლო ხუთ ენაზე საუბარი და ვენის უნივერსიტეტის ინჟინრის დიპლომი ჰქონდა. თუმცა მან ყველა ეს უნარი სირიაში, აბუ ომარ ალ-შიშანის სახელით ცნობილი თარხანის გვერდით საბრძოლველად გაიყოლა.

ლეილა აჭიშვილი შვილთან, ჰამზათ ბორჩაშვილთან ერთად
ფოტო: The Daily Beast
"ჰამზათი მისი თარჯიმანი გახდა. ის ყველგან აბუ ომართან ერთად დადიოდა, არასდროს ტოვებდა და დიდ პატივს სცემდა," ამბობს ლეილა. მაგრამ ის საკმაოდ იშვიათად ეხმიანებოდა მას. "ვევედრებოდი, რომ Skype-ით დაერეკა. სირცხვილია მუჯაჰედისთვის, რომ ეურჩოს საკუთარი დედის სურვილს."

"ღამღამობით არ მეძინა, ჰამზათის Skype-ის ზარს ველოდებოდი. ერთ ღამეს, როგორც იქნა, დარეკა. უცებ ეკრანზე ჩემი შვილი დავინახე, რომელსაც შავი თავსაბურავი ეხურა არაბული წარწერით 'ალლაჰუ აქბარ'. რომ დავინახე, ვერ აღვწერ, რა ვიგრძენი," თქვა მან. "ვკითხე: 'ღვთის წყალობით... ალაჰის წყალობით, წამიყვანე შენთან სირიაში, მხოლოდ ის მინდა, რომ გულში ჩაგიკრა, მეტი არაფერი."

ჰამზათი დათანხმდა მის ვიზიტს. "ვკითხე რა წამეღო მისთვის, მან მითხრა, რომ ჩამეტანა ქართული ნატურალური თაფლი და ჩურჩხელა ომარ ალ-შიშანისთვის, რომელსაც ის ძალიან უყვარდა. მე ვიცნობდი აბუ ომარს," თქვა ლეილამ. "ის აქ, პანკისში გაიზარდა და რაღაც დროის მანძილზე საქართველოში მუშაობდა. ყველაფერი თან წავიღე, რაც ჩემს შვილს მოსწონდა და ენატრებოდა და თურქეთში ავტობუსით გავემგზავრე."

ლეილას არ სურს, ისაუბროს მისი შვილის ცოლზე - გოგონაზე, რომელიც ხელიდან გაუსხლტა მდიდარ მამას, ფუფუნებაში ცხოვრებას და სირიაში მუჯაჰედთან საქორწინოდ გაემგზავრა. მისი თქმით, სედამ და ჰამზათმა ინტერნეტით გაიცნეს ერთმანეთი. გოგონამ მიატოვა დაცვით გარშემორტყმული სახლი რათა დაჭრილ ჰამზათთან წასულიყო, რომელიც საავადმყოფოში მკურნალობდა. ლეილა აცნობიერებს, რომ სედას ვიღაცა დაეხმარა, რომ სირიაში ჰამზათისთვის მიეკვლია, მაგრამ უარს ამბობს იმის თქმაზე, იყო თუ არა ეს მეგობარი ან ნათესავი.
პრეზიდენტმა კადიროვმა, რომელიც ჩეჩნეთში ცნობილია სხვა მრავალთან ერთად ვაჰაბიტების განადგურებითაც, ღირსების საკითხად და პრიორიტეტად გამოაცხადა აიშად წოდებული სედას მშობლიურ მიწაზე დაბრუნება. ჩეჩნეთის მთავრობა ყოფილი მინისტრის ქალიშვილის ძიებამ ლეილამდე მიიყვანა. "დამიკავშირდნენ და მითხრეს უკან დამებრუნებინა ის გოგო - ამბობდნენ, შენნაირებს არ მიეკუთვნებაო," იხსენებს ლეილა.

**********

წამებულთა დედა სირიაში ორი მიზნით გაემგზავრა: ენახა თავისი ვაჟი და დაერწმუნებინა გოგო, რომ საკუთარ ოჯახს დაბრუნებოდა. ის იყო დადარდიანებული დედა, რომელიც სამალავებსა და საზღვრებზე ფარულად მიიკვლევდა გზას სირიაში აჯანყებულთა სიმაგრისკენ, რათა ჩეჩენი პრინცესა დაებრუნებინა.

"ერთი კაცი უნდა დამხვედროდა თურქეთში და სირიაში გადავეყვანე. უსიტყვოდ მიმიყვანა მანქანასთან და მომცა მობილური. ვიღაცამ დამტვრეული რუსულით მკითხა, 'აბუ აბდულას დედა ხარ?' მე დავეთანხმე. კიდევ მკითხა, მართლა ვიყავი თუ არა იმ კაცის დედა, რომელმაც ცოტა ხნის წინ ჩეჩენი ქალი მოიყვანა ცოლად. ისევ დავეთანხმე. შევედით დიდ შენობაში, რომელიც დაჭრილებით იყო სავსე, სირიელი ლტოლვილები იყვნენ."

"კიბეებზე ჩავედი და დიდ ოთახში აღმოვჩნდი, სადაც დაახლოებით ათი მაგიდა დავინახე კომპიუტერებით და გრძელწვერა კაცები. რა შემიძლია ვთქვა - ძალიან საშიშად გამოიყურებოდნენ! ახალგაზრდა ჩეჩენი ბიჭების ჯგუფმა კიდევ მკითხა: ' აბუ აბდულას დედა ხარ?' ისინიც კი იცნობდნენ მას." ლეილას მაშინ წარმოდგენა არ ჰქონდა იმაზე, თუ როგორ გაითქვა სახელი მისმა შვილმა მოჯაჰედების წრეებში მას შემდეგ, რაც YouTube-ზე გამოჩნდა და მთელ მუსლიმურ სამყაროს, განსაკუთრებით ათლეტურებს, ჯიჰადში მონაწილეობის მიღებისკენ მოუწოდა.

"შემდეგ კაცი მოვიდა და ავტობუსის გაჩერებისკენ წაგვიყვანა," გაიხსენა ლეილამ. "მათ ჩვენი მგზავრობის ფული გადაიხადეს. ერთი მონეტაც არ დამიხარჯავს. იქიდან სირიის საზღვართან წაგვიყვანეს." როგორც იქნა, მან საკუთარი შვილი ნახა, რომელიც ის პატარა ბიჭი აღარ იყო, რომელსაც იცნობდა: "გამხდარი და ყელამდე შეიარაღებული იყო. ის ბიჭი აღარ იყო, რომელიც მე გავზარდე. შემდეგ მანქანისკენ წამიყვანეს, რომელიც შეიარაღებული კაცებით სავსე სხვა მანქანებით იყო გარშემორტყმული. როგორც ჩანდა, მას იცავდნენ. მათ თან იარაღით სავსე მანქანებიც ახლდათ, იმ შემთხვევისთვის, რამე თუ მოხდებოდა. როდესაც მანქანაში ჩავჯექი, გოგოც (სედა) იქ იყო." ჰამზათის თქმით, მანქანა თარხანს ეკუთვნოდა. "მან თქვა, რომ ეს და დანარჩენი მანქანები ირანიდან ჩამოიყვანეს და ის იყო ერთადერთი ადამიანი, რომელსაც ხელი მიუწვდებოდა მათზე."

ჰამზათი კომფორტში არ ცხოვრობდა და ფულიც ცოტა ჰქონდა. "მას 100 დოლარიც კი არ გააჩნდა, ჩემთვის რომ მოეცა," თქვა ლეილამ. "მითხრა: 'დედა მე სიცოცხლე ალაჰს მივუძღვენი და ძალიან ვწუხვარ, რომ შენთვის ფულის მოცემა არ შემიძლია, რადგან არაფერი გამაჩნია.' მას მხოლოდ ერთი მოსასხმელი ჰქონდა, რომელსაც ცოლი ურეცხავდა ხოლმე. სულ ის ეცვა."

ლეილას თქმით, მისი რძალი გონდაკარგულს ჰგავდა. "წყვილს უყვარდა ერთმანეთი," ამბობს ის. სედამ უთხრა, რომ საკუთარი თავისუფალი ნებით იყო სირიაში. "არაფერზე წუწუნებდა, გაოცებული ვიყავი. ისეთი ლამაზი გოგო იყო, ანგელოზს ჰგავდა. თქვა, რომ უფრო ლაღად იყო და სულიერ თავისუფლებას გრძნობდა. როგორც მუსლიმ ქალს შეშვენის, ჩემ წინაშე მორცხვი იყო. მე ჩემს შვილს ვესაუბრე. ვუთხარი, რომ მიკავშირდებოდნენ და მეუბნებოდნენ, რომ მისი ცოლი სახლში უნდა დაბრუნებულიყო და რომ ისინი მიხედავდნენ მას. მაგრამ ქალი ამბობდა, რომ სირიაში დარჩებოდა და იქვე მოკვდებოდა."

ღამით ლეილას ხშირად აღვიძებდა საჰაერო დარტყმების ხმა. მუხლებზე დაჩოქილი ევედრებოდა შვილს მასთან ერთად დაეტოვებინა სირია. "ვკითხე, რად უნდოდა სიკვდილი აქ, უცხო ქვეყანაში. მიპასუხა, რომ მკაცრად მიყვებოდა ალაჰის გზას და ღმერთისთვის აპირებდა საკუთარი თავის შეწირვას."

ლეილა თარხანსაც შეხვდა, რომელიც მის მოსანახულებლად მოვიდა: "კაცებით სავსე ოთახში შემიყვანეს, სადაც მითხრეს, რომ მეორე დღეს ომარ ალ-შიშანი მოვიდოდა და ჩვენ განცალკევებულად შევხვდებოდით ერთმანეთს. მეორე დღეს მოვიდა. მართლაც მივეცი ჩურჩხელა, რომელიც ასე ძლიერ უყვარდა. ვისხედით და ვსაუბრობდით ერთი საათის განმავლობაში. განსაკუთრებულზე არაფერზე გვილაპარაკია. მას უბრალოდ აინტერესებდა, როგორ იყვნენ მეზობლები და რა ხდებოდა პანკისში. მითხრა, რომ უყვარდა და პატივს სცემდა ჩემს შვილს ჰამზათს - რომელიც 'ღრმად მორწმუნე და და სამაგალითო მუსლიმი იყო.'"

ლეილა გაოცებული იყო მოწიწებით, რომლითაც თარხანს ეპყრობოდნენ. მის თვალში ის უბრალო პანკისელი ბიჭი იყო: "ვკითხე რა პოზიცია ეკავა და ასე მაღალ დონეზე რატომ იცავდნენ - რატომ სტუმრობდნენ მას რჩევის საკითხავად, კონსულტაციებისთვის ან გეგმების შესათანხმებლად. მითხრა, რომ მეორე ბინ ლადენივით იყო. მას ასე ხედავდნენ."

სირიიდან შინ დაბრუნებულს, ოთხ დღეში ლეილას უმცროსმა ვაჟმა ხალიდმა დაურეკა. უთხრა, რომ ჰამზათი "შაჰიდი გახდა," წამებული, და მოკვდა. ლეილა სასოწარკვეთილი ევედრებოდა უმცროს ვაჟიშვილს, არ გაემეორებინა ძმის მიერ დაშვებული შეცდომა. მაგრამ ხალიდმა უპასუხა: "მე ამაზე ბავშვობიდან ვოცნებობდი."

"ეს სიტყვები რომ გავიგონე, გული გამიჩერდა," გვითხრა მოწამეების დედამ იქ, თავის სახლში პანკიში. "ოთხი თუ ხუთი კვირის შემდეგ, შევამჩნიე, რომ ხალხი ჩემგან რაღაცის დამალვას ცდილობდა, ჩემი უდიდესი შიში ახდა: ხალიდიც მკვდარი იყო. ამბობენ, რომ სნაიპერმა ესროლა. მაგრამ არავის უნახავს მკვდარი, ან ცოცხალი. მხოლოდ მისი საფულე იპოვნეს. ჰამზათის ქვრივმა, სედამ ფული გამომიგზავნა, რომელიც საფულეში იდო. მითხრა, რომ მე მეკუთვნოდა."

***********

ლეილა აჭიშვილს სჯერა, რომ ჰამზათის სიკვდილის შემდეგ სედა მზად იყო სირია დაეტოვებინა და შინ დაბრუნებულიყო, მაგრამ "აბუ ომარმა არ გამოუშვა, დღეს კი ის მისი ცოლია." ეს ნაწილობრივ ტრადიციაა, რომელიც მებრძოლი ისლამის ისტორიაში მუდამ არსებობდა. "თუ შაჰიდის ცოლი ქმარს დაკარგავს, ის უპატრონოდ არ უნდა დარჩეს. ეს კანონია და მის მიხედვით სხვამ უნდა მოიყვანოს ქვრივი ცოლად. უცებ სედა თარხანთან აღმოჩნდა, რომელსაც ჩემი შვილი ენდობოდა და ვის გვერდითაც ის იდგა!"

ცხადია, გაჩნდა ჭორები და ეჭვი, რომ თარხანმა ჰამზათის მკვლელობა დაგეგმა, როგორც ბიბლიურმა მეფე დავითმა დაგეგმა ბერსაბეს ქმრის, ურიას სიკვდილი. თუმცა იმისთვის, რომ ამ ორ ამბავს შორის კავშირი დავამტკიცოთ, ინფორმაცია საკმაოდ მწირია.

კითხვაზე, ზუსტად როგორ დაიღუპა ჰამზათი, ლეილა არ იყო დარწმუნებული: "როგორც მითხრეს, ჩემი შვილი ერთ ჩეჩენთან ერთად დაიღუპა. ალბათ ბრძოლიდან ერთად ბრუნდებოდნენ. მისი მანქანა ააფეთქეს. ცოცხალი იყო, როდესაც თურქეთში გაგზავნეს, თუმცა იქ საავადმყოფოში გარდაიცვალა."

მოგვიანებით ლეილამ სცადა სირიაში დაბრუნება, რათა საკუთარი შვილების საფლავები მოენახა, მაგრამ უთხრეს, რომ მას იქ აღარაფერი დარჩენოდა. ეს შეტყობინება მან თავად თარხანისგან მიიღო.

ბრძოლის ველი ახლა სხვაგან ინაცვლებს. თარხანი თამამად აცხადებს, რომ შემდეგში პუტინს შეებრძოლება. ISIS-ს მზერა ჩრდილოეთ კავკასიაზეა მიპყრობილი. პრეზიდენტი კადიროვის მიერ ჩეჩნეთის რესპუბლიკის მრავალწლიანი მმართველობის შემდეგ, ISIS-მა იქ, სირიის მსგავსად, დასაყრდენი მართლაც შეიძლება მონახოს. თუმცა, ქართველები, რომლებმაც ISIS-ის წითელწვერა მეთაური გაწვრთნეს, მის დაბრუნებას არ მიესალმებიან, რამდენადაც არ უნდა დააზარალონ მოჯაჰედებმა პუტინის გულითადი მეგობრები. თბილისში ზოგი მართლაც შიშობს, რომ კრემლი პირველი იმოქმედებს და პანკისის ხეობაში რადიკალიზმის ზრდას საბაბად აქცევს იქ ანტი-ტერორისტული ოპერაციის წამოწყებისთვის - მარტივად რომ ვთქვათ, რუსეთის მიერ საქართველოზე ხელახალი თავდასხმისთვის.

ვიწრო ხეობა დიდი პრობლემა ხდება. ჰაერი იმ გრძნობით არის გაჯერებული, რომ ვითარება პანკისში საცაა გარდამტეხ ფაზაში შევა. უმუშევრობა და ახალგაზრდა კაცებისთვის შესაძლებლობების ნაკლებობა საცაა თავის სავალალო შედეგს გამოიღებს. ხეობა მუდამ იყო რადიკალიზმისა და იარაღით ვაჭრობის კერა, თუმცა დღეს ის საკმაოდ სწრაფად შაჰიდების ინკუბატორად გარდაიქმნება. წითელწვერა მოჯაჰედი, რომელიც ხშირად პოზირებს კამერების წინ, ISIS-ის უმოწყალო კამპანიას გლამურულ ხიბლს მატებს და დღემდე, როგორც ჩანს, ტაქტიკა ამართლებს. ეს "საღვთო ომი" ახალგაზრდა კაცებს ნაღმმტყორცნების ვაზნებზე სწრაფად ფლანგავს. ისეთმა ძმებმა კი, როგორიც თამაზი და თარხანი არიან, იციან, რომ ვინც გადარჩება, საკმარისად სწრაფად დაბრუნდება სამშობლოში, როგორც ულმობელი, ბრძოლაში გამოწრთობილი მოჯაჰედი - როგორც "ნამდვილი მგელი".

და მაინც, ამ რადიკალიზებული თაობის დედებისა და მამებისთვის, მხოლოდ დანაკლისი და გაურკვევლობა რჩება. სირიისგან ასე შორს, ამ ხეობაში, კითხვები ისეთივე ბუნდოვანია, როგორც კავკასიონზე მიმოფანტული ნისლი. ლეილამ ორივე ვაჟი დაკარგა. თარხანისა და თამაზის მამამ, თემურმა, განსხვავებულად, თუმცა ასევე დაკარგა თავისი შვილები. ლეილა გულწრფელად სვამს კითხვას, "რა არის ამ ომის მიზანი? ვის ებრძვიან და რისთვის კლავენ ერთმანეთს? დღესაც არ შემიძლია მოვუძებნო ახსნა იმას, რატომ იხოცებიან ეს პატარა ბავშვები."

უილიამ კათკარტიThe Daily Beast-ის კორესპონდენტი

ნინო ბურჭულაძე

ვაჟა თავბერიძე

სტატია გამოქვეყნდა The Daily Beast-ში.

 

კომენტარები