კათოლიკე ეკლესია საქართველოში

ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო: აღწერა გაძლევს შესაძლებლობას დაამოწმო შენი რწმენა

ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო
ტაბულა

ამიერკავკასიის ლათინური წესის კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრატორი, ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო, 5-19 ნოემბერს დაგეგმილ მოსახლეობის საყოველთაო აღწერას ეხმიანება და საქართველოში მცხოვრებ კათოლიკეებს თხოვნით მიმართავს, არ მოერიდონ აღმწერების წინაშე საკუთარი რელიგიური კუთვნილება დაადასტურონ.

"საქართველოს კათოლიკეებს

ქრისტეს მიერ საყვარელნო,

შევიტყვე, რომ ამა წლის ნოემბრის თვეში ჩვენს ქვეყანაში მოსახლეობის აღწერა მოხდება. ეს საშუალებას მისცემს ჩვენს მთავრობას განაახლოს მის ხელთ არსებული სტატისტიკური მონაცემები, რაც შემდგომში გამოყენებულ იქნება ხელისუფლების მიერ სხვადასხვა საჭიროების შემთხვევაში.

როგორც მითხრეს, იმ კითხვებს შორის, რომლებსაც ყოველ მოქალაქეს დაუსვამენ, ერთ-ერთი პასუხი შეეხება აღმსარებლობას, იმას, თუ რომელ რელიგიას ეკუთვნის იგი.

ვინაიდან მნიშვნელოვნად მიმაჩნია საქართველოში ჩვენი ეკლესიის ცხოვრებისათვის ამ აღწერის შედეგები (თუკი კათოლიკენი მცირერიცხოვანნი აღმოჩნდებიან, შესაძლოა ამის გამო ხელისუფლების მხრიდან ნაკლები ყურადღება და დაფასება შეხვდეთ), როგორც ეპისკოპოსს, მსურს შეგახსენოთ რამოდენიმე რამ:

1. არ უნდა გქონდეს არანაირი შიში იმისა, რომ აღიარო შენი კათოლიკობა. გახსოვდეს, რომ ეს არის ერთ-ერთი საშუალება ღვთის წინაშე შენი რწმენის სათქმელად და დასამოწმებლად. პირადად შეამოწმე, რომ აღწერის ფურცელზე შენი პასუხი სწორად იყოს აღნიშნული. თუკი საჭიროა, შეამოწმე შენი ოჯახის წევრების პასუხების სისწორეც. თუკი იცნობ კათოლიკეებს, რომლებიც ამ წერილს ვერ წაიკითხავენ, შეატყობინე მათაც, რასაც აქ გწერ!

2. მიგაჩნდეს თავი კათოლიკედ მაშინაც კი, თუკი სხვადასხვა მიზეზის გამო რომელიმე სხვა ეკლესიაში მოხდა შენი ნათლობა. მრავალი მოინათლა მართლმადიდებელ ეკლესიაში შიშის ან სხვა უმნიშვნელო მიზეზის გამო. მახსოვს, ერთხელ ერთი მინისტრის მოადგილესთან საუბრისას მან მითხრა: „მე კათოლიკური ოჯახიდან ვარ, მაგრამ სამწუხაროდ მართლმადიდებელ ეკლესიაში მომნათლეს და ამიტომ ვეღარ მივიჩნევ თავს კათოლიკედ". ერთმა ქართველმა კათოლიკე მღვდელმა, რომელიც თან მახლდა, უპასუხა: „მეც თქვენსავით მართლმადიდებელ ეკლესიაში ვარ მონათლული, მაგრამ როგორც ხედავთ, არამხოლოდ დავდივარ კათოლიკე ეკლესიაში და მის სრულ წევრად მიმაჩნია თავი, არამედ მღვდელიც კი გავხდი!"

3. ვიცი, რომ არიან ისეთებიც, ვინც არ გადანათლულა საკუთარი ნებით. ყოველ კათოლიკეს ნათლად უნდა ესმოდეს, რომ არსებობს მხოლოდ ერთი ნათლისღება. მეორედ ნათლობა არ არსებობს და მას არანაირი ღირსება არ გააჩნია ღვთის წინაშე. კარგად გახსოვდეს ეს!

ქრისტეს მიერ საყვარელო,

გარდასულ საუკუნეებში, განსაკუთრებით კი კომუნიზმის დროს, ჩვენმა ეკლესიამ შეძლო იესო ქრისტეს ერთგულების შენახვა რომის ეკლესიასთან თანაზიარებაში, მაშინაც კი, როცა მას სდევნიდნენ და როდესაც თითქმის გაქრობის პირას დააყენეს. ამ ბოლო წლებში ფსიქოლოგიური დევნითა და უსამართლო გადაწყვეტილებებით მავანი შეეცადა სირთულეები შეექმნა და სახელი გაეტეხა კათოლიკე ეკლესიისათვის საქართველოში, სხვათა შორის მასზე აუგის თქმითაც. ზოგმა საკუთარი ბრძოლის მთავარ მიზნადაც კი აქცია ეს დევნა, ჩვენი ქვეყნიდან მის ამოსაძირკვად. ვიცით, რომ ყოველი ქრისტიანისთვისაა ნათქვამი: დაგიწყებენ დევნას და ყოველნაირად აუგს იტყვიან თქვენზე, მაგრამ თქვენ ნუ შეშინდებით, მე ვძლიე წუთისოფელს (შდრ. მთ 5,11 და იო 16,33).

ეს აღწერა გაძლევს შესაძლებლობას დაამოწმო შენი სარწმუნოება, გამოავლინო შენი სიყვარული იესოსადმი და იგრძნო კავშირი და თანაზიარება რომის პაპთან, ფრანცისკესთან, რომელიც როგორც წმიდა პეტრეს მემკვიდრე პირველობს საყოველთაო სიყვარულში. იგრძენი პასუხისმგებლობა შენს ეკლესიაზე საქართველოში.

დაგლოცოს უფალმა შენ და მთელი შენი ოჯახი", - ნათქვამია მიმართვაში.

კომენტარები