ვიზების ლიბერალიზაცია

უცხოელებს საიმიგრაციო ვიზებში 100 ლარის გადახდა მოუწევთ

უცხოელებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გაცემულ საიმიგრაციო ვიზებში 100 ლარის გადახდა მოუწევთ.

საიმიგრაციო ვიზაში 100-ლარიანი ბაჟის დაწესებას შესაბამის კანონში დაგეგმილი ცვლილებები ითვალისწინებს, რომელიც თან ერთვის "უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" კანონში დაგეგმილ ცვლილებს.

პარლამენტს განსახილველად უკვე წარედგინა პროექტი, რომლის მიხედვით, საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელზე საქართველოს საიმიგრაციო ვიზა შეიძლება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ, საქართველოს ტერიტორიაზე გაიცეს. ამ მიზნით უცხოელმა სამინისტროს შესაბამისი განცხადებით უნდა მიმართოს, საქართველოში კანონიერი საფუძვლით ყოფნის ვადის ამოწურვამდე არაუგვიანეს 45 დღისა.

მთავრობის განმარტებით, ახალი კანონის ძალაში შესვლის შემდეგ გაირკვა, საქართველოში მყოფი უცხოელებისთვის საემიგრაციო ვიზის საკუთრივ საქართველოს ტერიტორიაზე - ამ პირთა მათ ქვეყნებში დაბრუნების გარეშე მინიჭების მიზანშეწონილობა. მოქმედი კანონმდებლობით, მათ საქართველოს ვიზის მისაღებად საქართველოს ტერიტორიის დატოვება და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისათვის, საკონსულო დაწესებულებებისათვის მიმართვა უწევთ, რაც, მთავრობის თქმით, მნიშვნელოვან დროს და ფინანსურ რესურსს მოითხოვს და, ზოგადად, საქართველოში კანონიერად მყოფ უცხოელებს არახელსაყრელ პირობებში აყენებს.

პარლამენტში ინიცირებული პროექტის თანახმად, დგინდება დროებითი შეღავათიანი რეჟიმი საქართველოში მყოფ ცალკეული კატეგორიის უცხოელთათვის ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად. კერძოდ, უცხოელი, რომელზეც გაცემული იყო ბინადრობის ნებართვა, ან რომელიც 2014 წლის 17 მარტის შემდეგ შემოვიდა საქართველოში, 2015 წლის პირველ მარტამდე საქართველოში კანონიერი საფუძვლით ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის ვალდებულებისგან გათავისუფლდება. კანონპროექტით ასევე დადგენილია ასეთი კატეგორიის უცხოელთა საქართველოდან გაძევების დაუშვებლობა და საქართველოში კანონიერად ყოფნის წესების დარღვევის გამო ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლება - ბინადრობის ნებართვის მოპოვების შემდეგ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე უცხოელი გაძევებას არ დაექვემდებარება. ამავე დროს, უცხოელს, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე 2014 წლის 17 მარტამდე შემოვიდა და საქართველოდან გასული არ არის, ენიჭება უფლება, საქართველოში კანონიერი საფუძვლით ყოფნის ვადის ამოწურვის შემდეგ, საემიგრაციო ვიზა 2015 წლის პირველ მარტამდე მიიღოს. 

კომენტარები