თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების საქმე

პროკურატურა ბატიაშვილს განმეორებით დაკითხვას და ვიდეო-აუდიო ჩაწერას სთავაზობს

საქართველოს მთავარი პროკურატურის განცხადებით, "თავდაცვის მინისტრის მოადგილის ალექსი ბატიაშვილის დაკითხვა მიმდინარეობდა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრული მოწმის დაკითხვის ყველა პროცედურის დაცვით 8 საათის განმავლობაში". უწყება აღნიშნავს, რომ გამოძიებას ჰქონდა ბევრი კითხვა ბატიაშვილის მიმართ, "თუმცა საბოლოოდ, როგორც აღმოჩნდა, ამ უკანასკნელს არ აღმოაჩნდა პასუხები დასმულ კითხვებზე". მთავარი პროკურატურის განცხადებით, დაკითხვის დასრულებისას მოწმე ალექსი ბატიაშვილმა გამოიჩინა "გაურკვეველი დამოკიდებულება" და უარი განაცხადა მის მიერვე მიცემული ჩვენების საფუძველზე შედგენილი დაკითხვის ოქმის ხელმოწერაზე.

"გამომძიებელმა მას და მის ადვოკატს მისცა საშუალება დაეფიქსირებინათ დაკითხვის ოქმზე შენიშვნა ხელმოწერაზე უარის მიზეზების დასაფიქსირებლად, რის შემდეგაც დასრულდა დაკითხვის პროცესი, ვინაიდან იწურებოდა დაკითხვისთვის კანონით განსაზღვრული 8-საათიანი ვადა. მოწმე ა. ბატიაშვილის ადვოკატის განცხადება დაკითხვის პროცესში დარღვევების შესახებ არის სრულიად გაუგებარი, მით უმეტეს თვითონვე ვერ მიუთითებს დარღვევის კონკრეტულ ფაქტებზე. მთავარი პროკურატურის აზრით, მოწმე ა. ბატიაშვილი არ აღმოჩნდა მზად, პასუხები გაეცა გამოძიების კითხვაზე, სწორედ ამიტომ მათ მიმართეს მსგავს ტაქტიკას. მიუხედავად ყოველივე ზემოაღნიშნულისა, სრულყოფილი და ობიექტური გამოძიების უზრუნველსაყოფად, საქართველოს მთავარი პროკურატურა მზადყოფნას გამოთქვამს, ალექსი ბატიაშვილი მოწმის სახით განმეორებით დაიკითხოს. ამ შემთხვევაში, ვფიქრობთ, ის უფრო მომზადებული შეხვდება გამომძიებელს, ვინაიდან გამოძიების კითხვები მისთვის უკვე ცნობილია.
აქვე გამოძიება სთავაზობს მოწმე ალექსი ბატიაშვილს, მისი ახალი დაკითხვის პროცესი დაფიქსირდეს აუდიო-ვიდეო გადამღები საშუალებების გამოყენებით, რათა შემდგომში თავიდან იქნას არიდებული მსგავსი სპეკულაციები", - ნათქვამია მთავარი პროკურატურის განცხადებაში.

გუშინდელი დაკითხვის დასრულების შემდეგ, თავდაცვის მინისტრის მოადგილის ალექსი ბატიაშვილის ადვოკატმა მედიას განუცხადა, რომ დაკითხვა დარღვევებით წარიმართა, ხოლო პროკურატურა მისთვის სასურველი პასუხების მიღებას ცდილობდა. დაკითხვის ოქმს ბატიაშვილმა ხელი არ მოაწერა, რადგან ადვოკატის თქმით, ოქმი არასრულფასოვნად ასახავდა დაკითხვის მიმდინარეობას.

"დაკითხვა წარიმართა საოცარი დარღვევებით. ვერც ვიფიქრებდი და ვერც წარმოვიდგენდი, რომ საქართველოს მთავარ პროკურატურაში მსგავსი რამ მოხდებოდა. დაკითხვის პროცესში როდესაც ბატონი ალექსი დასმულ კითხვებს სცემდა პასუხს, გამომძიებელ ფუტკარაძეს აღნიშნული პასუხები არ მოსწონდა და ცდილობდა, რომ სხვა პასუხები მიეღო, რაზეც ჩვენ პროტესტი დავაფიქსირეთ. შესაბამისი პროტესტი ოქმში ჩვენ თვალწინ შეიტანეს. შესაბამისად, გაგრძელდა დაკითხვა. ჩვენ მოწადინებული ვიყავით, რომ ბატონ ალექსის სრულფასოვანი ჩვენება მიეცა. როდესც დაკითხვა დასრულდა, წარმოგვიდგინეს დაკითხვის ოქმი. მასში ბატონი ალექსის მიერ გაცემული პასუხები, უმრავლესობა არ იქნა ასახული ისე, როგორც იყო, პასუხების უმრავლესობა საერთოდ იყო ამოღებული. პროტესტები საერთოდ არ იყო დაფიქსირებული, რაზეც, ბუნებრივია, გამოვთქვით ჩვენი პროტესტი. ამაზე გამომძიებელმა გვითხრა, ერთი წუთით მოიცადეთო, მეორე ოქმს წარმოგიდგენთო და წარმოგვიდგინა დაკითხვის სხვა ოქმი, უფრო სახეშეცვლილი, სადაც პროტესტი იყო დაფიქსირებული, მაგრამ კითხვებზე პასუხი, დაკითხვის მიმდინარეობა არ იყო სრულფასოვნად ასახული. ჩვენ კანონით მინიჭებული უფლებით ვისარგებლეთ, გავაკეთეთ შენიშვნა, რომ არ ვეთანხმებოდით ოქმში ასახულ ფაქტებს. ბატონმა ალექსიმ განაცხადა, რომ აღნიშნული ოქმის სიზუსტეს ხელს ვერ მოაწერდა. აღნიშნულ იქნა ასევე, რომ ბატონი ალექსი მზად არის, ნებისმიერ დროს გამოცხადდეს მთავარ პროკურატურაში და შესაბამის ორგანოებში, სადაც ვინმეს კითხვა ექნება და რომ მის ინტერესებში შედის გამოძიებასთან თანამშრომლობა. "გამომძიებელს არ მოსწონდა პასუხებში" - იგულისხმება ის, რომ ეუბნებოდა - თქვენ ამ კითხვას თავს არიდებთ? ამ კითხვაზე ასეთი პასუხი რატომ გამეცით? სხვანაირად არ გამიგოთ, ზეწოლას ალბათ ვერ გაგვიბედავდნენ, მაგრამ იყო შეფარული მცდელობა იმისა, რომ სასურველი პასუხები მიეღოთ", - განაცხადა ადვოკატმა ლევან სამუშიამ.

კომენტარები