თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების საქმე

თავდაცვის მაღალჩინოსნების დაკავების საქმეზე ალასანია უსუფაშვილს შეხვდა

David Usupashvili/Fb.com

საქართველოს თავდაცვის მინისტრი დღეს საკანონმდებლო ორგანოში პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა. ირაკლი ალასანიამ და დავით უსუფაშვილმა თავდაცვის სამინისტროს დაკავებულ თანამშრომლებთან დაკავშირებით ისაუბრეს. საქართველოს თავდაცვის მინისტრის განცხადებით, მან პარლამენტის თავმჯდომარე საქმის ვითარებაში გაარკვია.

"მოვუტანე გარკვეული დეტალები იმის ირგვლივ, ბოლო დღეების განმავლობაში რაზეც მუშაობს პროკურატურა და რაზეც საზოგადოება საქმის კურსშია. ჩვენ გავაცანით ერთმანეთს ასევე ჩვენი შეხედულებები, თუ რა შეიძლება იყოს ამის მიზეზები და მთავარი, რაც მნიშვნელოვანია, ჩემი მოსაზრება შევთავაზე პარლამენტის თავმჯდომარეს. აღნიშნულ შესყიდვასთან დაკავშირებით, ამ წლის დასაწყისში კანონის მოთხოვნის შესაბამისად, ინფორმაცია უკვე მიწოდებული გვაქვს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტისთვის. თუკი პარლამენტი დაინტერესდება, პარლამენტის, კომიტეტის ან პარლამენტარების მხრიდან სურვილი იქნება, თავდაცვის სამინისტრო სრულად არის მზად, ითანამშრომლოს ამ საქმის ირგვლივ უფრო მეტი სიცხადის შეტანაში პარლამენტთან“, - განაცხადა ალასანიამ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თქმით კი, შეხვედრა თავდაცვის მინისტრის ინიციატივით გაიმართა და ირაკლი ალასანიამ მაღალჩინოსნების დაკავების საქმეზე დამატებითი ინფორმაციის მიწოდება ჩათვალა საჭიროდ.

"ამისთვის მადლობელი ვარ, რა თქმა უნდა. ეს იმიტომ, რომ პარლამენტი ყველა სამთავრობო უწყებასთან და განსაკუთრებით თავდაცვის სამინისტროსთან იმყოფება საკმაოდ მჭიდრო თანამშრომლობის რეჟიმში. კონკრეტულად შესყიდვებთან დაკავშირებულ საკითხებზე, სწორედ ჩვენი ხელისუფლების, კოალიციის მთავრობის ინიციატივით, ახალი საკანონმდებლო ცვლილებები შევიდა შარშან და აქედან გამომდინარე, ორ მილიონ ლარზე მეტი განხორციელებული შესყიდვა, პარლამენტს წინასწარ ეცნობება ხოლმე. ამ კონკრეტული შესყიდვის თაობაზეც პარლამენტს ეცნობა შარშან, დეკემბრის ბოლოს. შემდგომ იყო მიმოწერა თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეს, ბატონ სესიაშვილს და თავდაცვის სამინისტროს შორის. მან თავის დროზე, შარშანვე გამოითხოვა ხელშეკრულების ასლი და გაეცნო მას. ასე რომ, პარლამენტი არა პირდაპირ, მაგრამ ამ პროცესებში ჩართული იყო და მინისტრის თხოვნა იყო ის, რომ პარლამენტმა, თუ საჭიროდ ჩათვლის, გამოიყენოს მის ხელთ არსებული კანონიერი და კონსტიტუციური ბერკეტები და ინსტრუმენტები, ამ კონკრეტულ საკითხში მეტი სიცხადის შესატანად. ჩვენც, პარლამენტი, რა თქმა უნდა, დაინტერესებული ვართ, რომ საბიუჯეტო სახსრები სწორად იხარჯებოდეს და ყველა სახელმწიფო უწყება მოქმედებდეს საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, ემსახურებოდეს სახელმწიფოს, პროკურატურას, თავდაცვის სამინისტროს, მთავრობას, პარლამენტსაც. ასე რომ, მე როგორც განვაცხადე, პარლამენტი, რა თქმა უნდა, მის ხელთ არსებული ინსტრუმენტებით, ეს იქნება კომიტეტის მეშვეობით, თუ სხვა საშუალებებით, რა თქმა უნდა, ამ კონკრეტულ საქმეს მიადევნებს თვალს და მოვაგვარებთ ყველაფერს ისე, რომ არ დაზარალდეს ქვეყნის ინტერესები და ჩვენი თავდაცვისუნარიანობის ხარისხი და ყველაფერი მოგვარდეს ცივილიზებული წესით", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

თავდაცვის სამინისტროს ხუთ თანამშრომელს გამოძიება სატენდერო პირობების დარღვევით სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი თანხის გაფლანგვას ედავება. საუბარია დაახლოებით 4 მილიონ ლარზე. საქმეს გრიფი ადევს და მასალები დაცვის მხარისთვის ამ დრომდე არ გადაუციათ. დაკავებულები დანაშაულს არ აღიარებენ. ბრალდებულების უდანაშაულობაში დარწმუნებულია საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია.

კომენტარები