თავდაცვის სამინისტრო

გამოძიება თავდაცვის სამინისტროს კიდევ ერთ ტენდერთან დაკავშირებით მიმდინარეობს

საქართველოს მთავარ პროკურატურაში გამოძიება თავდაცვის სამინისტროს მიერ ჩატარებულ კიდევ ერთ ტენდერთან დაკავშირებით მიმდინარეობს. უწყება თავდაცვის სამინისტროსა და შპს არქიტექტურულ ბიუროს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებებს სწავლობს. პროკურატურის ინფორმაციით, თავდაცვის სამინისტრომ ამ ხელშეკრულებებსაც გრიფი საიდუმლო დაადო.

"საქართველოს მთავარი პროკურატურა აწარმოებს გამოძიებას შპს არქიტექტურულ ბიუროსა და თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმებული ხელშეკრულებების ფარგლებში, სამინისტროს ცალკეული თანამშრომლების მიერ სახელმწიფოს კუთვნილი თანხების გაფლანგვის ფაქტზე. შპს არქიტექტურულ ბიუროსთან გაფორმებულ შესყიდვის ხელშეკრულებებს გრიფით "საიდუმლო" მინიჭებული აქვს თავად თავდაცვის სამინისტროს მიერ. გამოძიება სწავლობს აღნიშნულ საწარმოსთან უწყების მიერ განხორციელებული შესყიდვების კანონიერების საკითხს, იკვეთება შპს არქიტექტუტულ ბიუროსა და თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებს შორის ახლო კავშირები და პირადი კონტაქტები", - აცხადებენ პროკურატურაში, თუმცა, არ აკონკრეტებენ, რა რაოდენობის თანხის გაფლანგვაზეა საუბარი და როდის დაინტერესდა გამოძიება ამ საკითხით. 

შპს არქიტექტურულმა ბიურომ ჩატარებულ ტენდერში თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე არსებულ არასაცხოვრებელ კორპუსზე რეკონსტრუქციების ჩატარების, კაპიტალური რემონტისა და უწყებისთვის საპროექტო დოკუმენტაციის წარმოდგენის უფლება მოიპოვა. 

კომენტარები