აშშ-ის დედაქალაქში მარიხუანის ლეგალიზაციას მისცეს ხმა

salon.com

ვაშინგტონში (კოლუმბიის ოლქი) ამომრჩევლებმა ე.წ. 71-ე ინიციატივის სასარგებლოდ მისცეს ხმა, რაც სრულწლოვანი მოქალაქეების მიერ მარიხუანას მოხმარების, პირადი მოხმარებისთვის 60 გრამამდე ფლობისა და სახლში ექვსი ძირის გაზრდის ლეგალიზაციას გულისხმობს.

მარიხუანას გაყიდვა კვლავ აკრძალული იქნება, თუმცა კოლუმბიის ოლქის საბჭო ცალკე კანონის მიღებას განიხილავს, რომელიც მარიხუანას გაყიდვის რეგულირებასა და გადასახადებით დაბეგვრას ითვალისწინებს, ისევე, როგორც ეს კოლორადოსა და ვაშინგტონის შტატების კანონმდებლობითაა განსაზღვრული.

2010 წელს კოლუმბიის ოლქში სამედიცინო მარიხუანას ლეგალიზება მოხდა, 2014 წელს კი, ოლქის საბჭომ 30 გრამამდე მარიხუანას ფლობის დეკრიმინალიზაცია მოახდინა. 71-ე ინიციატივის საფუძველზე, ლეგალიზაციის შესახებ კანონი ძალაში 2015 წლის დასაწყისში შევა, მას შემდეგ, რაც მას კონგრესი დაამტკიცებს.

სამშაბათს ამომრჩევლებმა მარიხუანას ლეგალიზაციას მხარი დაუჭირეს ასევე ორეგონის და ალასკას შტატებში, სადაც 21 წელზე უფროსი ასაკის მოქალაქეებს მარიხუანას ფლობა, წარმოება და გაყიდვა შეეძლებათ.

მარიხუანა სამედიცინო მიზნებისთვის ლეგალიზებულია აშშ-ის 23 შტატში. 2012 წელს კოლორადო და ვაშინგტონი გახდნენ პირველი შტატები, სადაც რეკრეაციული მარიხუანას ლეგალიზება მოხდა. ახლა მათ კიდევ ორი შტატი და ფედერალური ოლქი შეუერთდა.

კომენტარები