დავით უსუფაშვილის სტატია

კანცელარია უსუფაშვილის წერილისთვის თანხის გადახდას ოფიციალურად უარყოფს

საქართველოს მთავრობის კანცელარიის მტკიცებით, არც კანცელარიას და არც მის დაქვემდებარებაში არსებულ ვებგვერდს Agenda.ge-ს International New York Times-ში დავით უსუფაშვილის სარეკლამო სტატიის გამოქვეყნებისთვის თანხა არ გადაუხდია - ამის შესახებ ტაბულას მთავრობის კანცელარიიდან ოფიციალური წერილით აცნობეს. ტაბულამ მთავრობის ადმინისტრაციიდან უსუფაშვილის წერილზე ინფორმაცია 20 ოქტომბერს გამოითხოვა.

„არც საქართველოს მთავრობის კანცელარიის და არც საქართველოს მთავრობის კანცელარიის ადმინისტრირების ქვეშ არსებული ვებგვერდი www.agenda.ge-ის დაკვეთით არ განხორციელებულა მითითებული სტატიის გაზეთში International New York Times-ში გამოქვეყნება. შესაბამისად, საქართველოს მთავრობის კანცელარიის მიერ არ არის დაფარული მითითებული სტატიის გამოქვეყნებისთვის საჭირო ხარჯები, რის გამოც მოკლებულნი ვართ შესაძლებლობას გავცეთ ინფორმაცია საფასურის ოდენობის შესახებ", - ვკითხულობთ წერილში.

ტაბულა ითხოვდა International New York Times-ის მიერ მოწოდებული ცნობის დადასტურებას, რომლის მიხედვითაც, პარლამენტის თავმჯდომარის წერილი გამოცემაში სარეკლამო გვერდზე რეკლამის სახით განთავსდა, შესაბამისი გრაფიკითა და სარეკლამო რეგლამენტის დაცვით. ტელეკომპანიამ მთავრობის ადმინისტრაციისგან ასევე მოითხოვა ინფორმაცია სტატიის დაბეჭდვაში გადახდილი თანხის ოდენობის შესახებ. აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ინფორმაციით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის წერილში, დაახლოებით, 75 000 ევროა გადახდილი.

პარლამენტის თავმჯდომარის სტატია, სათაურით "სააკაშვილს საკუთარი წარსული დევნის და არა პუტინის "თანამზრახველი" ივანიშვილი" International New York Times-ის 16 ოქტომბრის ნომერში განთავსდა. წერილში ნათქვამია, რომ ივანიშვილი არ მოქმედებს პუტინის ინტერესებიდან გამომდინარე და საქართველოში პოლიტიკური ნიშნით დევნა არ მიმდინარეობს.

"ბიძინა ივანიშვილი არის ადამიანი, რომელმაც მთელი თავისი ცხოვრება, ტალანტი, ნიჭი და ფინანსები სამშობლოს მიუძღვნა. მისდევს შეუდარებელი მასშტაბის ქველმოქმედებას. მან რისკის ქვეშ დააყენა თავისი სიცოცხლე მსგავსად რიგითი ჯარისკაცისა, რომელიც საკუთარ ქვეყანას ემსახურება. იმ წლების რაოდენობა, რომელიც მან თავის ქვეყანაზე ზრუნვაში გაატარა, ბევრად მეტია, ვიდრე პუტინისა და სააკაშვილის ერთად აღებული", - წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე.

სტატიაში გადახდილი თანხის წარმომავლობის შესახებ ინტერესი მას შემდეგ გაჩნდა, რაც International New York Times-ის რედაქტორმა და New York Times Company-ის კორპორაციული კომუნიკაციების დირექტორმა წერილობით დაადასტურეს, რომ პარლამენტის თავმჯდომარის სტატია ფასიანი რეკლამაა.

საქართველოს მთავრობის კანცელარიაში უარყოფდნენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ სტატია ფასიანი რეკლამის სახით განთავსდა. ამასთან, კანცელარიაში აქამდეც უარყოფდნენ ფაქტს, რომ agenda.ge-მ სტატიის გამოქვეყნებაში ფული გადაიხადა და ადასტურებდნენ, რომ უსუფაშვილის სტატია თავად მიაწოდეს გამომცემლობას.

თავად დავით უსუფაშვილი ამბობს, რომ დღემდე არ იცის, თუ ვინ გადაიხადა თანხა წერილის დაბეჭდვისთვის. მისივე თქმით, ის პასუხს აგებს, რომ „სახელმწიფო ფული არ დახარჯულა".

 

კომენტარები