კრიზისი კოალიციაში

სუბარი: ევროპული არჩევანი ივანიშვილის და ღარიბაშვილის პოლიტიკაა

სოზარ სუბარი

ოკუპირებული ტერიტორიებიდან ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის სოზარ სუბარის განცხადებით, ევროპული ორიენტაცია არა რომელიმე პოლიტიკური გუნდის, არამედ, ქართველი ხალხის არჩევანია. მისი თქმით, არადემოკრატიული სტილია, როცა რომელიმე ადამიანი ამბობს, რომ მხოლოდ თავად არის რომელიმე არჩევანის მომხრე.

"რაც შეეხება ისეთ განცხადებებს, დაკავშირებულს საქართველოს ევროპულ არჩევანთან და ევრატლანტიკურ სივრცეში ჩვენს გაწევრიანებასთან, მე მინდა მკაფიოდ ვთქვა და ერთხელ და სამუდამოდ ყველამ შეიგნოს, რომ ეს არ არის რომელიმე ერთი გუნდის, ერთი მინისტრის, ერთი პიროვნების არჩევანი. ეს არის ქართველი ხალხის არჩევანი, ეს არის საქართველოს ორი პრემიერმინისტრის ბიძინა ივანიშვილის და ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკა და ამ პოლიტიკას ვატარებდით ყველა ჩვენგანი. ეს არ არის რომელიმე ერთი ცალკეული მინისტრის პოლიტიკა და უბრალოდ შეურაცხმყოფელია, არაცივილურია. არასადასავლური და არადემოკრატიული სტილია, როცა რომელიმე ადამიანი ამბობს, რომ თვითონ არის მხოლოდ რომელიმე არჩევანის მომხრე და სხვა ყველა სხვაგან მიდის", - განაცხადა სუბარმა.

გუშინ, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ საგანგებო ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ პროკურატურის მიერ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების დაკავება არის შეტევა საქართველოს ევროატლანტიკურ არჩევანზე. ამის შემდეგ, პრემიერმა ალასანია თანამდებობიდან გადააყენა. აღნიშნული გადაწყვეტილების შემდეგ, პოსტი დატოვეს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ და მისმა მოადგილეებმა, ასევე, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სახელმწიფო მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა. ფანჯიკიძემ ბრიფინგზე საგარეო საქმეთა სამინისტროს ორი წლის მუშაობა შეაფასა და აღნიშნა, "რადგან ჩვენ ვხედავთ, რომ არათუ ჩვენი მომავალი საქმიანობა, არამედ ჩვენ მიერ მიღწეული შედეგებიც არის საფრთხის ქვეშ, ამიტომ მივიღეთ აღნიშნული გადაწყვეტილება". ხოლო საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, დავით ზალკალიანმა ბრიფინგზე თქვა, რომ გაჩნდა კითხვები ჩვენი ქვეყნის საგარეო კურსთან დაკავშირებით და მას არ მაქვს მორალური უფლება, დღეს სხვაგვარად მოიქცეს.

კომენტარები