თავისუფალი დემოკრატების განცხადება

თავისუფალი დემოკრატები: ვაგრძელებთ დამოუკიდებელი პოლიტიკის განხორციელებას

თავისუფალმა დემოკრატებმა კოალიცია ქართული ოცნების დატოვებასთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გაავრცელა. მასში ნათქვამია, რომ ისინი დამოუკიდებელ პოლიტიკას და იმ ღირებულებების ერთგულებას აგრძელებენ, რომელიც მათ პოლიტიკურ ძალას დაფუძნების დღიდან დეკლარირებული აქვს.

"ჩვენ ვტოვებთ კოალიცია ქართული ოცნების რიგებს, რომლის ერთ-ერთი სულისჩამდგმელები და ყველა ბრძოლის ავანგარდში ვიყავით. თავისუფალი დემოკრატები ვაგრძელებთ დამოუკიდებელი პოლიტიკის განხორციელებას და იმ ღირებულებების ერთგულებას, რაც დეკლარირებული გვაქვს ჩვენი პოლიტიკური ძალის დაფუძნების დღიდან.“ - ვკითხულობთ განცხადებაში.

იქვე აღნიშნულია, რომ თავდაცვის სამინისტროს და მისი ხელმძღვანელის წინააღმდეგ ცრუ და დაუსაბუთებელი ბრალდებებით გაჯერებული მიზანმიმართული კამპანია მიმდინარეობდა, რამაც საქართველოს საერთაშორისო იმიჯს და ევროატლანტიკურ კურსს განუზომელი ზიანი მიაყენა.

 "ამგვარმა დესტრუქციულმა ქმედებებმა, განუზომელი ზიანი მიაყენა საქართველოს საერთაშორისო იმიჯს, საქართველოს ევროატლანტიკურ კურსს, თავდაცვის უწყებას, მაგრამ რაც ყველაზე მთავარია, ამ პროცესს ეწირებიან სრულიად უდანაშაულო ადამიანები, რომლებიც ამ დრომდე იმყოფებიან პატიმრობაში. ჩვენ, ყოველთვის ვიყავით და ვიქნებით პრინციპულები, რომ ბოლომდე იქნას გამოძიებული ყველა საქმე და გაირკვეს სიმართლე, მაგრამ პროცესი უნდა მიმდინარეობდეს აბსოლუტურად გამჭირვალედ, ცივილიზებულად და არა ისე, როგორც ამას აკეთებს მთავარი პროკურატურის მაღალჩინოსანთა ერთი ჯგუფი. სამწუხაროა, რომ ამ პროცესში კოალიცია ქართული ოცნების ლიდერი წარმოჩნდა ერთი უწყების - პროკურატურის - მხარედ. ჩვენ მცდელობა არ დავაკელით, რომ ერთობლივად გამოგვენახა ამ ვითარებიდან გამოსავალი, მაგრამ ამაოდ.“ - ნათქვამია განცხადებაში. 

შეგახსენებთ, რომ თავისუფალმა დემოკრატებმა კოალიცია ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა.

კომენტარები