ევროპის სახალხო პარტიის განცხადება

ევროპის სახალხო პარტია შეშფოთებულია საქართველოში განვითარებული მოვლენების გამო

იასეკ სარიუშ-ვოლსკი, ევროპის სახალხო პარტიის ვიცეპრეზიდენტი
eurodialogue.eu

ევროპის სახალხო პარტიამ შეშფოთება გამოხატა საქართველოში უკანასკნელ დროს განვითარებული მოვლენების გამო. EPP მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, თავიდან აიცილოს პოლიტიკური დევნის ნებისმიერი ფორმა და პატივი სცეს ღირებულებებს, რომლებსაც ცოტა ხნის წინ ევროკავშირთან ხელმოწერილი ასოცირების ხელშეკრულება შეიცავს.

"უკვე ორი წელია, განმეორებადმა დაპატიმრებებმა, სასამართლო პროცესებმა და პოლიტიკური ოპონენტების დაკავებამ სერიოზული შეშფოთება წარმოშვა შერჩევით სამართალზე. EPP-მ უკვე რამდენჯერმე დაგმო ეს პრაქტიკა. ასევე შეშფოთების საფუძველს ქმნის თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიას გადაყენება და ამის შემდეგ  საქართველოს საგარეო პოლიტიკაზე პასუხისმგებელი ყველა მინისტრის გადადგომა, რომელსაც მოჰყვა მათი განცხადებები, რომ ბრალს სდებენ მთავრობას ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსის მიტოვებაში. ამ ყოველივეს ამწვავებს საქართველოს პრეზიდენტის განცხადება, რომელიც ხაზს უსვამს იმას, რომ ქვეყანა იმართება ნებისმიერი ინსტიტუციონალური ჩარჩოს გარედან, იმ პიროვნების მიერ, რომელსაც არ გააჩნია ოფიციალური თანამდებობა", - ვკითხულობთ ევროპის სახალხო პარტიის განცხადებაში.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ შესაძლო პოლიტიკური არასტაბილურობა, რომელიც შეიძლება განაპირობოს თავდაცვის მინისტრის გადაყენებამ და ამის შემდეგ საგარეო საქმეთა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მინისტრების გადადგომამ, საქართველოს დესტაბილიზაციის რისკს აჩენს ისეთ გარდამტეხ დროს, როდესაც ევროპარლამენტი ასოცირების შეთანხმების რატიფიცირებაზე მუშაობს. სწორედ ამიტომ, EPP-ის ვიცეპრეზიდენტი იასეკ სარიუშ-ვოლსკი ახსენებს საქართველოს მთავრობას, რომ „ევროკავშირთან ასოცირების პოლიტიკა ემყარება ევროპული პრინციპების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის პატივისცემას“.

„ჩვენ მოვუწოდებთ ქართველ ხელისუფალთ, რომ თავი შეიკავონ ნებისმიერი ფორმის პოლიტიკური დევნისგან. მეტიც, ჩვენ კიდევ ერთხელ ვგმობთ შერჩევითი სამართლისა და ოპოზიციონერი ლიდერების წინააღმდეგ წინასწარი პატიმრობის სისტემატურ გამოყენებას და ვიმედოვნებთ, რომ საქართველოში ყველა პროდემოკრატიული პარტია შეძლებს იმუშაოს ერთად, რათა შეინარჩუნოს ქვეყნის ევროატლანტიკური გზა“, - აღნიშნა ევროპის სახალხო პარტიის ვიცეპრეზიდენტმა.

კომენტარები