ოპერაციული სისტემა

Microsoft-მა Windows 7-ისა და Windows 8-ის გაყიდვები შეაჩერა

Getty Images

2014 წლის 31 ოქტომბრიდან Microsoft-მა ოპერაციული სისტემა Windows 7-ისა და Windows 8-ის გაყიდვები შეწყვიტა. კომპანიამ ოპერაციული სისტემების გაყიდვების შეწყვეტა 2014 წლის თებერვალში დააანონსა. Microsoft-ის განმარტებით, კომპანია მომხმარებელს ძველ ოპერაციულ სისტემებთან შედარებით უფრო ახალ და ეფექტურ პლატფორმებს შესთავაზებს.

დღეისათვის Windows 7 ბაზარზე არსებულ სხვა ოპერაციულ სისტემებთან შედარებით მეტი პოპულარობით სარგებლობს. ოპერაციული სისტემების სტატისტიკის ინფორმაციით, 2014 წლის სექტემბერში Windows 7-ის პლატფორმაზე კომპიუტერების 53% მუშაობდა, ხოლო Windows 8-ის ორივე ვერსიით მომხმარებელთა 16% სარგებლობდა.

Windows 8-ის მეორე ვერსიის ანუ Windows 8.1-ის გაყიდვები კვლავინდებურად გაგრძელდება.

Microsoft-ი Windows 7-ს მომსახურებას კიდევ რამდენიმე წელი გაუწევს, თუმცა მისი მომსახურების არეალი 2015 წლიდან ეტაპობრივად შეიზღუდება. 2020 წელს კი Microsoft-ი ამ ოპერაციული სისტემის მომსახურებას საბოლოოდ შეწყვეტს. 

Windows 7 ბაზარზე 2009 წელს გამოჩნდა და ოპერაციული სისტემა XP-ის მსგავსი წარმატება მოიპოვა. Microsoft-ის შემდეგი პროდუქტი Windows 8 წინამორბედისგან განსხვავებით ნაკლები პოპულარობით სარგებლობს, რისი უმთავრესი მიზეზი Windows 8-ის განსხვავებული დიზაინი და მოხმარების სირთულეა. 

Microsoft-ი 2015 წელს ახალ ოპერაციულ სისტემა Windows 10-ს გამოუშვებს, რომელშიც Microsoft-ი ტრადიციული სტილის მქონე Home Button-ის დაბრუნებას აპირებს.

კომენტარები