სამომხმარებლო ბაზარი

აშშ-მა Hyundai და KIA საწვავის ეკონომიის გაყალბებისთვის $300 მილიონით დააჯარიმა

Hyundai

The Wall Street Journal-ის ცნობით, ავტომობილების სამხრეთკორეელი მწარმოებლები Hyundai და Kia ავტომობილების მიერ მოხმარებული საწვავის შესახებ მცდარი ინფორმაციის გავრცელების გამო ჯარიმის სახით $300 მილიონის გადახდას დათანხმდნენ.

აშშ-ის გარემოს დაცვის სააგენტოსა და იუსტიციის დეპარტამენტის გამოკვლევების შედეგად დადგინდა, რომ ამ მარკის ავტომობილების საწვავის მოხმარება კომპანიების გავრცელებულ რიცხვებს აღემატება. საუბარი ერთი გალონი საწვავით გავლილ მანძილს ანუ MPG-ს ეხება. აშშ-ის კანონმდებლობის მიხედვით, პროდუქტის შესახებ მცდარი ინფორმაციის გავრცელება სანქციებს ითვალისწინებს, რა დროსაც მომხმარებლებს უფლება აქვთ კომპანიის მხრიდან მიყენებული ზარალი აინაზღაურონ.

2013 წელს იმავე მიზეზის გამო აღნიშნულმა კომპანიებმა აშშ-ის ბაზარზე ყოველ რეგისტრირებულ ავტომფლობელს $354 დოლარის კომპენსაცია გადაუხადეს, რაც საერთო ჯამში კომპანიებს $400 მილიონი დაუჯდათ. ეს იმას ნიშნავს, რომ Hyundai-სა და Kia-ს საწვავის მოხმარების შესახებ მცდარი ინფორმაციის გავრცელება დაახლოებით $700 მილიონი დაუჯდათ. 

Hyundai-ის წინააღმდეგ ანალოგიური სანქცია 2014 წლის აგვისტოში სამხრეთ კორეაშიც ამოქმედდა, კომპანიას მომხმარებლებისთვის $54 მილიონის გადახდა დაეკისრა.

უფრო კონკრეტულად კი MPG მონაცემებს შორის სხვაობა შემდეგია:

Hyundai Santa Fe Sport ერთი გალონი საწვავით 22 მილის ნაცვლად 21 მილს გადის.

Kia Rio ერთი გალონი საწვავით 30 მილის ნაცვლად 28 მილს გადის.

Hyundai Elantra Coupe ერთი გალონი საწვავით 28 მილის ნაცვლად 27 მილს გადის. 

მართალია, ოფიციალური და რეალური მონაცემები ერთმანეთისგან ძირითადად 1-2 მილით განსხვავდება, მაგრამ აშშ-ის კანონმდებლობით ეს სხვაობა საკმარისია იმისთვის, რომ კომპანიას სანქციები დაეკისროს. 

აშშ-ის გარემოს დაცვის სააგენტომ Ford-ს, BMW-სა და Mercedes-Benz-ს ზოგიერთ მოდელზე საწვავის მომხმარების შესახებ ინფორმაციის გადახედვის რეკომენდაცია უკვე მისცა, თუმცა ამ დროისათვის საწვავის ეკონომიის გაყალბების გამო ჯარიმა მხოლოდ Hyundai-სა და Kia-ს დაეკისრათ. 

კომენტარები