მართლმადიდებელი ეკლესია

ბოტკოველი ოთხი სასულიერო პირისთვის მღვდელმოქმედების შეჩერებას ადასტურებს

0 კომენტარი
ფოტო: news.ge

პატრიარქის მდივანი, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი ოთხი სასულიერო პირისთვის მღვდელმოქმედების შეჩერებას ადასტურებს.

სააგენტო ინტერპრესნიუსთან საუბრისას მამა მიქაელ ბოტკოველმა დაადასტურა, რომ იღუმენებს ვარსანოფ მაზმიშვილს და ნიკოლოზ კალანდაძეს, ასევე მღვფდლებს ნიკოლოზ ჩიტიასა და აკაკი კუპრეიშვილს მღვდელმოქმედება დროებით შეუჩერდათ.

მამა მიქაელმა არ დააკონკრეტა, თუ რა გადაცდომისთვის შეუჩერდათ მღვდელმოქმედება აღნიშნულ პირებს და მხოლოდ ის თქვა, რომ ეს ფაქტი ოქტომბერში მოხდა. საპატრიარქომ აღნიშნული სასულიერო პირების გადაცდომებზე მოკვლევა ჩაატარა და მომხდარზე რეაგირება მოახდინა.

„ჩვენ მოვიკვლიეთ მათ მიერ ჩადენილი დანაშაული და ამაზე რეაგირება მოვახდინეთ. ბრძანებები დაიწერა მაშინ, როდესაც გვქონდა მათთან შეხვედრა. მათ დანაშაული აღიარეს და შენდობა ითხოვეს. მღვდელმოქმედება დროებით შეუჩერდათ. სინანულისთვის მონასტრებში გავამწესეთ", - დასძინა მამა მიქაელმა.

მისივე თქმით, ეკლესია ძალიან გაიზარდა, სასულიერო პირების რიცხვიც გამრავლდა და ხშირად აღმოჩნდნენ ისეთი სიტუაციების წინაშე, როდესაც უწევთ სასულიერო პირების ქმედებებზე რეაგირების მოხდენა.

„რა თქმა უნდა, კონკრეტული შეცდომისა თუ დანაშაულის წარმომავლობაზე ვერ ვისაუბრებთ. ფაქტი ერთია, რომ მართლაც მოხდა და ოთხ სასულიერო პირს მღვდელმსახურება აეკრძალათ", _ დასძინა დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა.

პატრიარქის მდივნის თქმით, სასულიერო პირებისთვის სტატუსის აღდგენა დამოკიდებული იქნება მათ საქციელზე, როგორ შეინანებენ ისინი თავიანთ დანაშაულს.

სააგენტო ფრონტნიუსმა გაავრცელა ცნობა იმის შესახებ, რომ ორი სასულიერო პირი - ნიკოლოზ კალანდაძე და ვარსანოფ მაზმიშვილი, პოლიციამ ნარკოტიკული საშუალებების უკანონო რეალიზების ფაქტზე დააკავა, შემდეგ კი გაათავისუფლა.

შსს-ს ამ საკითხზე კომენტარი არ გაუკეთებია. 

 

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინის შეძენა-შენახვისთვის ქუთაისში 73 წლის კაცი დააკავეს

კომენტარები