იდენტობის განცხადება შსს-ზე

იდენტობა: შსს პოლიციელის დისკრიმინაციას ეწევა

შსს პოლიციელის დისკრიმინაციას ეწევა - ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია იდენტობის განცხადებაშია ნათქვამი.

იდენტობის განცხადებაში წერია, რომ პაატა დობორჯგინიძე საპატრულო პოლიციის პატრულ ინსპექტორია, რომელიც შეესწრო პოლიციელთა ჩხუბს სანაპიროზე. ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი პოლიციელები შინაგან საქმეთა მინისტრს ჭიკაიძეს აგინებდნენ. აღნიშნული ფაქტის შემდეგ პაატა დობორჯგინიძის მიმართ ხორციელდებოდა დევნა სხვადასხვა ფორმით.

განცხადებაში წერია, რომ დობორჯგინიძის მეგობარ ქალბატონს იძულებით დააწერინეს საჩივარი პაატა დობორჯგინიძის მიმართ.

„ქალბატონი ფაქტობრივად იმყოფება პოლიციის მხრიდან ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ. აღნიშნული საჩივრის საფუძველზე პაატა დობორჯგინიძის გადაყვანა მოხდა ქალაქის პროკურატურაში 5 ნოემბერს, მიუხედავად იმისა, რომ პაატა დობორჯგინიძეს არც ბრალი არ ჰქონდა წარდგენილი და არ არსებობდა მისი დაკავების სამართლებრივი საფუძვლები, იგი ფაქტობრივად დაკავებულ იქნა და ისე გადაიყვანეს პროკურატურაში. მას შემდეგ, რაც პაატა დობორჯგინიძე დაუკავშირდა ადვოკატ გიორგი ონიანს და გ. ონიანი გამოცხადდა ქალაქ თბილისის პროკურატურასთან, პაატა დობორჯგინიძეს სასწრაფოდ დაუკავშირდა ხელმძღვანელობა და მოსთხოვეს აეხსნა, ვინ დაუკავშირდა ადვოკატ გიორგი ონიანს. ამის შემდგომ, პაატა დობორჯგინიძეს გამოუცხადეს, რომ ამ ეტაპზე მის მიმართ შეკითხვები არა აქვთ და შემდგომ დაუკავშირდებიან“, - ნათქვამია განცხადებაში.

იდენტობა წერს, რომ დობორჯგინიძის მიმართ უკანონო ქმედებები სამსახურშიც ხორციელდება.

„2014 წლის 7 ნოემბერს 19.30 წუთზე პ. დობორჯგინიძე ცხადდება სამსახურში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების მიზნით. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას უნდა შესდგომოდა 21.00 სთ-ზე, მაგრამ აღმოჩნდა, რომ განწესის ფურცელში პ.დობორჯგინიძე წინასწარ გამოუცხადეს სასტიკი საყვედური თითქოსდა გამოუცხადებლობის გამო. პაატა დობორჯგინიძემ აღნიშნულზე დაწერა პატაკი, სადაც აღნიშნა, რომ მის მიმართ ხორციელდება უკანონო ქმედება, ირღვევა უდანაშაულობის პრეზუმფცია და იძულებულია დატოვოს თანამდებობა. პ. დობორჯგინიძის პატაკი არ ჩაიბარა არც ოცეულის მეთაურმა სოსო მუმლაძემ, არც ასეულის მეთაურმა შალვა ჯერენაშვილმა და არც სამმართველოს უფროსის მოადგილემ ლაშა ჯოხაძემ, მოითხოვდნენ შეეცვალა პატაკის შინაარსი. უფრო მეტიც, ლაშა ჯოხაძემ გასცა ბრძანება და პ. დობორჯგინიძეს უკანონოდ ჩამოართვეს პირადობის მოწმობა და პ. დობორჯგინიძეს განუცხადა, რომ ის აქ ვერ იმუშავებდა“, - წერია იდენტობის განცხადებაში.

იდენტობის განცხადებით, 2014 წლის 8 ნოემბერს მათ მიმართა პაატა დობორჯგინიძემ თავისი უფლებების დასაცავად. არასამთავრობო ორგანიზაცია იდენტობამ კი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციას მიმართა.

„აღნიშნულის შემდეგ, დღეს 10 ნოემბერს, დაახლოებით 10.45 წუთზე სამმართველოს უფროსის მოადგილე ლაშა ჯოხაძემ დაურეკა პაატა დობორჯგინიძეს და სთხოვა, კვლავ დაბრუნდეს სამსახურში, დაიბრუნოს პირადობის მოწმობა და გააგრძელოს სამსახური“, - წერია განცხადებაში.

კომენტარები