საია-ს განცხადება

საია: შს სამინისტროს თანამშრომლები მოწმეზე სავარაუდოდ ზეწოლას ახდენენ

შს სამინისტროს თანამშრომლები მოწმეზე სავარაუდოდ ზეწოლას ახდენენ - ამის შესახებ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებაშია ნათქვამი.

საია-ს განცხადებაში წერია, რომ შსს რუსთავის საქალაქო სამმართველოს უფროსის მოადგილემ, ზაალ ადამიამ და პოლიციის სხვა თანამშრომლებმა ვასილ ლომსაძეს სცემეს.

„მიუხედავად იმისა, რომ ვასილ ლომსაძე მიუთითებდა პოლიციელთა მხრიდან მის მიმართ ჩადენილ დანაშაულზე, პროკურატურამ ობიექტური გამოძიების ჩატარებისა და სავარაუდო დამნაშავე პოლიციელთა გამოვლენის ნაცვლად, ვასილ ლომსაძეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531-ე მუხლის პირველი ნაწილით (პოლიციელზე თავდასხმა) წაუყენა ბრალი. სწორედ ვასილ ლომსაძის სასამართლო პროცესის დროს, მოწმეზე, რომელიც ადამიას წინააღმდეგ ჩვენებას აძლევდა, შსს-ს წარმომადგენლებმა სავარაუდოდ ზეწოლა განახორციელეს“, - ნათქვამია განცხადებაში.

საია-ს ინფორმაციით, ამირან ძებისაშვილი პოლიციელების მხრიდან ზეწოლაზე საუბრობს.

„ამირან ძებისაშვილი განმარტავს, რომ 2014 წლის 31 ოქტომბერს მოწმის სტატუსით იმყოფებოდა ვასილ ლომსაძის სასამართლო პროცესზე რუსთავის საქალაქო სასამართლოში. სასამართლოში დაკითხვისას მან ისაუბრა შინაგან საქმეთა სამინისტროს რუსთავის საქალაქო სამმართველოს უფროსის მოადგილის, ზაალ ადამიას მიერ ვასილ ლომსაძის ცემის ფაქტზე. იმ დროს, როდესაც პროცესზე გამოცხადდა შესვენება და ამირან ძებისაშვილი გამოვიდა სასამართლო შენობიდან (მას სახლიდან უნდა მოეტანა პირადობის მოწმობა), სამოქალაქო ტანსაცმელში მყოფმა პოლიციის რამდენიმე თანამშრომელმა, მიზეზის აუხსნელად, ძალის გამოყენებით ჩასვეს იგი მანქანაში“, - წერია განცხადებაში.

განცხადებაში წერია, რომ იმავე დღეს, სასამართლო პროცესზე, ამირან ძებისაშვილმა განმარტა, რომ პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან მოხდა მასზე ზეწოლა და აქვს საფუძვლიანი შიში, რომ დააბრალებენ დანაშაულის ჩადენას (ჩაუდებენ ნარკოტიკულ ნივთიერებას ან იარაღს). ამიტომ ის რუსთავში ვერ ბრუნდება.

ძებისაშვილის თქმით, ის შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციას ცხელი ხაზის მეშვეობით დაუკავშირდა და აცნობა მომხდარი ფაქტის შესახებ, სადაც მას ოპერატორმა უთხრა, რომ დეტალების დასაზუსტებლად გენერალური ინსპექციის თანამშრომლები დაუკავშირდებოდნენ, თუმცა მას დღემდე არავინ დაკავშირებია.

საია მოუწოდებს პროკურატურას, დაუყოვნებლივ, ზედმიწევნით და ეფექტურად მოახდინოს აღნიშნული ფაქტების შესწავლა და დაიწყოს გამოძიება.

კომენტარები