თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების საქმე

დოლიძე ე.წ. კაბელებზე: ივანიშვილისგან განსხვავებით დეტალებს გარეთ არ გამოვიტან

ფრაქცია თავისუფალი დემოკრატების წევრმა ვიქტორ დოლიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე ყოფილი პრემიერმინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებასაც უპასუხა და თქვა, რომ კაბელების საქმის დეტალებზე ღიად არ ისაუბრებს. დოლიძემ ასევე აღნიშნა, რომ კავშირგაბმულობის საკითხის მოგვარება თავდაცვის სამინისტროში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი იყო. ცნობისთვის, ბიძინა ივანიშვილის თქმით, ტენდერის თემაზე კითხვებზე ალასანია პასუხს ვერ სცემს. ივანიშვილის განცხადებით, ტენდერის საქმეში, რომელიც სილქნეტმა მოიგო, ბევრი კითხვაა და პრობლემები ზედაპირზევე ჩანს. ამასთან, ყოფილმა პრემიერმა მოამბესთან საუბარში ე.წ. კაბელების საქმის დეტალური ცოდნა გამოავლინა. ტაბულამ პროკურატურისა და ბიძინა ივანიშვილის განცხადებები ერთმანეთს შეადარა, შედეგად კი აღმოჩნდა, რომ 5 მილიონის სარეზერვო ფონდიდან გადარიცხვის შესახებ პროკურატურას არ უსაუბრია, ყოფილი პრემიერი კი ამის შესახებ ინფორმაციას ფლობს. გარდა ამისა, საგამოძიებო უწყებას არ დაუზუსტებია თავდაცვის სამინისტროს მიერ სილქნეტისთვის თანხის გადარიცხვის პერიოდულობა. ბიძინა ივანიშვილმა კი ამის შესახებაც ისაუბრა საჯაროდ.

"მე მისგან განსხვავებით დეტალებს გარეთ არ გამოვიტან, ბუნებრივია, თუმცა იმას ვიტყვი, რომ ეს კაბელების თემა მარტო კაბელების თემა არ არის. ეს არის კავშირგაბმულობის თემა, რომელიც ჩვენ 2008 წლის ომის განმავლობაში ძალიან დიდი, მე ვიტყოდი, ჩავარდნა გვქონდა თავდაცვის სისტემაში. მთავრობის სხდომაზეც კი იყო გატანილი ეს თემა, იქაც მიიღეს გადაწყვეტილება, ამიტომ რა აკვირვებთ ახლა, რატომ ჩნდება კითხვები ამ საკითხთან დაკავშირებით, გაუგებარია", - თქვა დოლიძემ.

კომენტარები