სახალხო დამცველის განცხადება

სახალხო დამცველი საჯარო სამსახურიდან ხალხის მასობრივ გათავისუფლებაზე საუბრობს

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებიდან თანამშრომელთა მასობრივი გათავისუფლების, თვითმმართველ ერთეულებში ჩატარებული რეორგანიზაციებისა და თანამშრომელთა ატესტაციების ჩატარების საკითხის კანონიერების საკითხებზე განცხადებას ავრცელებს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ხშირად თანამშრომლების გათავისუფლება (მათივე თქმით) ზემდგომი პირების მუქარისა და ზეწოლის საფუძველზე ხდება.

„საქართველოს სახალხო დამცველს მიმართა არაერთმა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ყოფილმა თანამშრომელმა, რომლებიც აღნიშნავდნენ, რომ მათ არ ჰქონდათ სამსახურიდან წასვლის სურვილი და განცხადებები, დაკავებული თანამდებობებიდან საკუთარი ნებით გათავისუფლების თაობაზე დაწერეს არა თავისი სურვილით, არამედ ზემდგომი თანამდებობის პირების მოთხოვნის, მათზე განხორციელებული ზეწოლისა და მუქარის საფუძველზე. სახალხო დამცველის აპარატში საჩივრები მიღებულ იქნა იმ მოხელეთა მხრიდანაც, რომლებიც ზეწოლის მიუხედავად უარს აცხადებდნენ საკუთარი ინიციატივით განცხადების დაწერაზე“, - ნათქვამია განცხადებაში.

სახალხო დამცველის განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ მსგავსი შინაარსის განცხადებები საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა შემდგომი რეაგირებისათვის გადაუგზავნა საქართველოს მთავარ პროკურატურას, თუმცა რეაგირება დღემდე არ მომხდარა.

განცხადებაში ვკითხულობთ, რომ მარტო თბილისის მუნიციპალიტეტში 2014 წლის ოქტომბრის (პირველი ნაწილი) მდგომარეობით გათავისუფლებულ იქნა 387 საჯარო მოხელე, აქედან 307 მოხელის გათავისუფლების საფუძველს წარმოადგენდა პირადი განცხადება; დანარჩენ 80 შემთხვევაში ძირითადად ადგილი ჰქონდა თანამშრომელთა დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ან ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლის მოტივით გათავისუფლებას დაკავებული თანამდებობიდან.

სახალხო დამცველის განცხადებაში ასევე საუბარია თბილისში, დიდუბის რაიონის გამგეობაში გამოცხადებულ უცხო პირებზე და მათ არაკანონიერ საქმიანობაზე.

„საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა შეისწავლეს თბილისის დიდუბის რაიონის გამგეობაში არსებული მდგომარეობა მოქალაქის მომართვის საფუძველზე. თბილისის დიდუბის გამგეობიდან გამოთხოვილი მასალების შესწავლის და 2014 წლის 17 სექტემბერს და 4 ნოემბერს ადგილზე განხორციელებული ვიზიტის შედეგებით დადგინდა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის ჩატარების შემდგომ, დიდუბის რაიონის გამგეობაში ყველდღიურად ცხადდებოდნენ უცხო პირები, რომელთაც არანაირი სტატუსი არ გააჩნდათ, თუმცა, ასრულებდნენ გარკვეულ სამსახურებრივ დავალებებს. ხოლო, გაოგეობის სხვადასხვა სტრუქტურის ერთეულების ხელმძღვანელთა გათავისუფლების შემდგომ დაინიშნენ მათ თანამდებობებზე მოვალეობის შემსრულებლებად. პირი, რომელიც 2014 წლის 17 სექტემბერს საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენლების მიერ დიდუბის გამგეობაში ვიზიტის დროს ყოველგვარი სტატუსის გარეშე ცხადდებოდა სამსახურში, სოციალურ საკითხთა განყოფილებაში და ასრულებდა გამგებლის სხვადასხვა სამსახურებრივ დავალებებს, 2014 წლის 5 ნოემბრის ბრძანებით დაინიშნა დიდუბის გამგებლის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლად“, - ნათქვამია განცხადებაში.

სახალხო დამცველის აპარატი ასევე ეხმაურება თბილისის გარეთ რეორგანიზაცია/ლიკვიდაციის შემდეგ გათავისუფლებული მოხელეების რაოდენობასაც.

„2014 წლის აგვისტოს მდგომარეობით: გორის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან, ლიკვიდაციის საფუძველზე გათავისუფლდა შტატით გათვალისწინებული 313 საჯარო მოხელე, მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან, ლიკვიდაციის საფუძველზე გათავისუფლდა 86 საჯარო მოხელე, ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან, რეორგანიზაციის საფუძველზე – 7 მოხელე; დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან, რეორგანიზაციის საფუძველზე – 40 საჯარო მოხელე; ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან, ტერიტორიული ორგანოს ლიკვიდაციის საფუძველზე – 37 საჯარო მოხელე; შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან, ტერიტორიული ორგანოს ლიკვიდაციის საფუძველზე – 74 საჯარო მოხელე; ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან, ტერიტორიული ორგანოს ლიკვიდაციის საფუძველზე – 19 საჯარო მოხელე; ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან, ტერიტორიული ორგანოს ლიკვიდაციის საფუძველზე – 46 საჯარო მოხელე; ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან, ტერიტორიული ორგანოს ლიკვიდაციის საფუძველზე – 37 საჯარო მოხელე; საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობიდან, რეორგანიზაციის საფუძველზე – 1 საჯარო მოხელე; ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან, რეორგანიზაციის საფუძველზე – 70 საჯარო მოხელე; ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან, რეორგანიზაციის საფუძველზე – 44 საჯარო მოხელე; გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან, რეორგანიზაციის საფუძველზე – 5 საჯარო მოხელე; წალკის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან, რეორგანიზაციის საფუძველზე – 2 საჯარო მოხელე; რუსთავის მერიიდან – 13 საჯარო მოხელე, ქუთაისის მერიიდან – 27 საჯარო მოხელე. აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტთა ნაწილში რეორგანიზაციის პროცესი ჯერ არ დასრულებულა, ხოლო ნაწილში ჩატარებული რეორგანიზაციის თაობაზე ინფორმაცია აპარატში სრულად არ არის შემოსული“, - ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს სახალხო დამცველი ასევე ეხმაურება თბილისის მერიაში ატესტაციის ჩატარების საკითხს და მოუწოდებს ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს, რომ ატესტაციის მეორე ეტაპის ჩატარება მოხდეს კანონიერების, სამართლიანობის, საჯაროობის, გამჭვირვალობის, ობიექტურობისა და მიუკერძოებლობის პრინციპების დაცვით, რათა არ მოხდეს ატესტაციაში მონაწილე პირთა კანონიერი უფლებების დარღვევა.

„ამასთან, არსებითი მნიშვნელობისაა კადრების შერჩევა მხოლოდ და მხოლოდ კანდიდატთა ცოდნის, გამოცდილებისა და პროფესიული უნარ-ჩვევების გათვალისწინებით მოხდეს. მხოლოდ ეს გარემოება იქნება განხორციელებული თვითმმართველობის რეფორმის წარმატებით დასრულების გარანტი“, - ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს, საჯარო მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც მოხელე პირადი განცხადების საფუძველზე ითხოვს დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებას, დეტალურად შეისწავლოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება პირის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ, რათა თავიდან იქნეს აცილებული საერთაშორისო და ადგილობრივი რეგულაციებით ნაკისრი კანონისმიერი ვალდებულებების უგულებელყოფა და არ მოხდეს ადამიანის უმნიშვნელოვანესი უფლების - შრომის უფლების დარღვევა.

კომენტარები