ოკუპირებული ტერიტორიები

ბიბილოვი: რუსეთთან ხელშეკრულება წლის ბოლომდე გაფორმდება

osinform.ru

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. პარლამენტის სპიკერმა ანატოლი ბიბილოვმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ცხინვალი რუსეთთან ახალი ხელშეკრულების გაფორმებას აპირებს. მისი თქმით, პროექტზე ორივე მხარე მუშაობს და მასში ე.წ. სამხრეთ ოსეთის მთავარი ინტერესები იქნება გათვალისწინებული.  კერძოდ, მისი თქმით, დარეგულირდება უსაფრთხოების და სოციალური საკითხები. ბიბილოვის თქმით, ლოგიკური იქნება, რომ ხელშეკრულების მიხედვით, როკის გვირაბთან საზღვარი გაუქმდეს და საბაჟო კონტროლი მხოლოდ საქართველოსთან ე.წ. საზღვარზე განხორციელდეს. მისი თქმით, დოკუმენტი წლის ბოლომდე გაფორმდება.

რუსეთთან გასაფორმებელ ხელშეკრულებაზე ასევე აფხაზეთის ე.წ. ელჩმა რუსეთში იგორ ახბამ ისაუბრა. მისი თქმით, სოხუმის პოზიცია აფხაზეთის დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის ხელშეუხებლობაა, რაც ამ ხელშეკრულებაში აუცილებლად უნდა აისახოს. ახბას განმარტებით, აფხაზური მხარე ხელშეკრულების საკუთარ ვარიანტს ამზადებს, რომელსაც არა ინტეგრაციის, არამედ პარტნიორობის შესახებ ერქმევა. ახბამ ასევე განაცხადა, რომ თბილისის წინადადება საქართველოს შემადგენლობაში ავტონომიის სტატუსის შესახებ მოძველებული სქემაა და სოხუმისთვის კატეგორიულად მიუღებელია. 

კომენტარები