საქართველოს ეკონომიკა

2015 წლის სექტემბრიდან ყველა კატეგორიის პენსიონერის პენსია 10 ლარით გაიზრდება

ნოდარ ხადური
facebook.com/mofgeorgia

დღევანდელი უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ 2015 წელს პენსია ყველა კატეგორიის პენსიონერს 10 ლარით გაეზრდება. ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა განაცხადა. ხადურის თქმით, უმრავლესობასთან შეხვედრაზე მთავრობამ უმრავლესობის წევრებს მიაწოდა ინფორმაცია, რომ მომავალ წელს, პირველი სექტემბრიდან, პენსია გაეზრდება ყველა კატეგორიის პენსიონერს 10 ლარით, ანუ 2015 წელს პენსიების ზრდა არ მოხდება სოციალური კატეგორიის მიხედვით, არამედ ის ყველა პენსიონერისთვის გაიზრდება. ხადურის თქმით, პენსიების ზრდა 2016 წელსაც გაგრძელდება.

ბიუჯეტის პარამეტრების ზრდასთან დაკავშირებით ნოდარ ხადურმა აღნიშნა, რომ ის ეკონომიკური ზრდით არის განპირობებული.

ყველა კატეგორიის პენსიონერისთვის პენსიების გაზრდის რეკომენდაცია მთავრობას პარლამენტის საბიუჯეტო-საფინანსო კომიტეტის თავმჯდომარემ დავით ონოფრიშვილმაც მისცა. მისი თქმით, პენსიის ყველა კატეგორიისთვის გაზრდა უფრო სწორი არჩევანი იქნება.

2015 წლის ბიუჯეტის განახლებული ვერსია პირვანდელ ვარიანტს დაახლოებით 200 მილიონი ლარით აღემატება, ბიუჯეტის პირვანდელი ვერსიით, პენსიების ზრდა არცერთი კატეგორიის პენსიონერისთვის არ იყო განსაზღვრული.

ბიუჯეტის განახლებულ ვარიანტს ნოდარ ხადური პარასკევს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე წარადგენს. 

კომენტარები