ადგილობრივი არჩევნები 2014

საია: 2014 წლის არჩევნები 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე პრობლემური იყო

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ 2014 წლის არჩევნების მონიტორინგის ანგარიშის პრეზენტაცია გამართა. ანგარიში მოიცავს 2014 წლის 1-ლი აპრილიდან 22 ივლისის ჩათვლით განხორციელებული მონიტორინგის შედეგებს და მასში ასახულია როგორც წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში, ასევე არჩევნების დღეს და შედეგების შეჯამებისას გამოვლენილი დარღვევები.

საიას შეფასებით, 2014 წლის 15 ივნისის არჩევნები 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისგან განსხვავებით ნაკლები, ხოლო 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისგან განსხვავებით მეტი პრობლემურობით გამოირჩეოდა.

ანგარიშის მიხედვით, წინასაარჩევნო პერიოდში ხშირი იყო ისეთი დარღვევები, როგორიცაა კანდიდატებზე სავარაუდო ზეწოლა, პოლიტიკური ოპონენტებზე თავდასხმა, წინასაარჩევნო კამპანიაში ხელის შეშლა და ფიზიკური დაპირისპირება, რაც საფრთხეს უქმნიდა თავისუფალ და კონკურენტულ პირობებში საარჩევნო კამპანიის წარმოებას.

მონიტორინგის შედეგად გამოჩნდა, რომ 15 ივნისის კენჭისყრის პროცესი  მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა, თუმცა სხვადასხვა ოლქებში რამდენიმე მნიშვნელოვანი დარღვევა დაფიქსირდა. ზოგიერთმა დარღვევამ გარკვეულ უბნებზე განმეორებითი არჩევნების ჩატარება განაპირობა. მთელ რიგ შემთხვევებში, საუბნო კომისიის წევრების კვალიფიკაციის დაბალი დონე და საქმისადმი არაპროფესიული მიდგომა გამოვლინდა.

კომენტარები