კრიზისი უკრაინაში

უკრაინაში შექმნილ ვითარებას დღეს გაერო-ს უშიშროების საბჭო განიხილავს

რუსეთი უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრისთვის ემზადება, - განცხადება ამის შესახებ გაეროში უკრაინის წარმომადგენელმა იური სერგეევმა ტვიტერის მეშვეობით გაავრცელა. მისი მტკიცებით, ბოლო მოვლენები ამასთან დაკავშირებით ეჭვს აღარ იწვევს და გაერო-მ ამის შესახებ ინფორმაცია უნდა მიიღოს.

დღეს უკრაინაში შექმნილ ვითარებას გაერო-ს უშიშროების საბჭო განიხილავს. ევროპაში ნატო-ს ძალების სარდალმა ფილიპ ბრიდლავმა განაცხადა, რომ ალიანსი უკრაინაში შეიარაღების გახშირებული გადაადგილებით შეშფოთებულია, ბრიდლავმა აღნიშნა, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალები უკრაინის აღმოსავლეთში კვლავაც იმყოფებიან და სეპარატისტ მებრძოლებს წვრთნიან.  გარდა ამისა, გენერლის განცხადებით, რუსეთმა ყირიმში ატომური იარაღის გადასატანი საშუალებები გადაისროლა.

უკრაინული წყაროების ცნობით, შეიარაღებული დაპირისპირება გამყოფ ხაზზე კვლავაც გრძელდება. უკრაინულმა არტილერიამ დონეცკის ოლქში რუსული რეაქტიული დივიზიონი გაანადგურა, რომლის მუდმივი დისლოკაციის ადგილი რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქია. სეპარატისტებმა გრადებით ქალაქი სჩასტიე დაბომბეს, რის შედეგად ერთი უკრაინელი სამხედრო დაიღუპა. სროლა ისმოდა დონეცკის აეროპორტშიც.

შეშფოთება უკრაინაში შექმნილი ვითარებით გერმანიის კანცლერმა გამოთქვა, თუმცა აღნიშნა, რომ ახალი სანქციების შემოღებას ჯერჯერობით საჭიროდ არ მიიჩნევს.

"ჩვენ არ ვართ კმაყოფილი სიტუაციით უკრაინაში, სადაც ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებას ვერ ვხედავთ. როგორც უკვე ვთქვი, ჩატარებულ არჩევნებს არალეგიტიმურად მივიჩნევთ. თუმცა, ვაპირებთ, შევისწავლოთ, საჭიროა თუ არა იმ პირების ჩარევა, ვინც არალეგიტიმურ სტრუქტურებთან კონტაქტს დაამყარებს. პროცესი გრძელდება და ახალი სანქციების დაწესებას არ ვგეგმავთ. კონცენტრირებულები ვართ ჰუმანიტარულ საკითხებზე ზამთრის მოახლოებასთან დაკავშირებით", - განაცხადა მერკელმა.

კომენტარები