სახელმწიფო პროგრამა

სახელმწიფო პროგრამა აწარმოე საქართველოში სალიზინგო პროექტებს დააფინანსებს

სახელმწიფო პროგრამა - აწარმოე საქართველოში
facebook.com/AwarmoeSakartveloshi

სახელმწიფო პროგრამას "აწარმოე საქართველოში" ახალი მიმართულება -სალიზინგო პროექტების დაფინანსება ემატება. სახელმწიფო მეწარმეებთან თანამონაწილეობით ლიზინგის საფასურს დაფარავს. აღნიშნული პროექტის ფარგლებში სახელმწიფო მაქსიმუმ ორწლიან პროექტებს დააფინანსებს.

მეწარმეობის განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, ლიზინიგი მცირე და საშუალო ბიზნესებს საწარმოების განვითარებასა და საერთაშორისო სტანდარტების დანერგვაში დაეხმარება. სააგენტო პროგრამის ფარგლებში გაცემულ სალიზინგო პროექტებზე 15%-იან ლიმიტს აწესებს, საიდანაც სახელმწიფო 12%-ს დაფარავს. სალიზინგო პროექტის საწყისი ღირებულება $50,000-დან დაიწყება და $2,000,000-მდე იქნება. 

მეწარმეობის განვითარების სააგენტო ლიზინგის მსურველებს გარკვეულ ვალდებულებებს უწესებს. ბენეფიციარებმა ვალდებულება უნდა აიღონ, რომ საწარმოს გადაიარაღების შემდეგ კომპანიებმა საქმიანობა მაქსიმუმ 12 თვეში უნდა დაიწყონ. ასევე ვალდებულება უნდა აიღონ, რომ წარმოების დაწყებიდან ორი წლის განმავლობაში შეინარჩუნებენ წარმოების პროფილს. მეწარმეობის განვითარების სააგენტო, სალიზინგო კომპანიებთან ერთად, მოახდენს თითოეული პროექტის მონიტორინგს.

"აწარმოე საქართველოში" ამ დრომდე სამ ძირითად მიმართულებას მოიცავდა: მეწარმეობის განვითარების სააგენტო ბენეფიციარი ფირმის კომერციული საპროცენტო განაკვეთის 10%-ით თანადაფინანსებას უზრუნველყოფდა. სააგენტო ბენეფიციარ ფირმებს ინფრასტრუქტურულ მხარდაჭერასაც სთავაზობს, ბენეფიციარს შეუძლია სიმბოლურ თანხად საკუთრებაში მიიღოს მიწის ნაკვეთი იმ ვალდებულებით, რომ ის საწარმოს ააშენებს. სააგენტო ბენეფიციარებს საკონსულტაციო მომსახურებასაც სთავაზობს - ის ბენეფიციარებს შესაბამისი ტექნიკური საშუალებების მოძიებაში, შესყიდვასა და საწარმოების მართვაში უწევს კონსულტაციებს.

"აწარმოე საქართველოში" პრემიერის ინიციატივით შექმნილი სახელმწიფო პროგრამაა, რომელიც მეწარმეობის ხელშეწყობას ისახავს მიზნად. პროგრამის ბიუჯეტი 46 მილიონ ლარს შეადგენს. 

კომენტარები