პრეზიდენტის მიმართვა

ქუცნაშვილი: თუ პრეზიდენტი აღარ ეჭვობს კურსზე, მის მიმართვას საფუძველი აღარ აქვს

ზაქარია ქუცნაშვილის Facebook-ის გვერდი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ზაქარია ქუცნაშვილის შეფასებით, "თუ პრეზიდენტი აღარ მიიჩნევს, რომ საქართველომ ევროატლანტიკურ კურსს გადაუხვია, ამ შემთხვევაში მის მიმართვას საფუძველი აღარც აქვს". ქუცნაშვილის თქმით, პრეზიდენტმა პარლამენტში გამოსვლა თავისუფალი დემოკრატების განცხადების შემდეგ მოითხოვა.

"მისი განცხადება განპირობებული იყო იმით, რა განცხადებაც გააკეთეს თავისუფალმა დემოკრატებმა. შესაბამისად, თუ პრეზიდენტი აღარ მიიჩნევს, რომ საქართველომ ევროატლანტიკურ კურსს გადაუხვია, ამ შემთხვევაში მის მიმართვას საფუძველი აღარც აქვს. პრეზიდენტს, თებერვალში ისედაც უწევს ანგარიშის წარმოდგენა და, შესაბამისად, შეუძლია თებერვალში წარმოადგინოს ანგარიში. ეს ჩემი სუბიექტური აზრია", - თქვა დეპუტატმა.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტს პარლამენტში ხვალ ელოდებიან. პრეზიდენტის მიმართვა პოლიტიკური დებატების გარეშე წარიმართება. დებატების გამართვის საკითხი პარლამენტის ბიუროს გუშინდელ სხდომაზე საპარლამენტო უმცირესობამ დააყენა, თუმცა უმრავლესობამ ეს ინიციატივა არ გაითვალისწინა. ამის შემდეგ, საპარლამენტო უმცირესობამ გიორგი მარგველაშვილს მოუწოდა, ფორმატში ცვლილებები შეიტანოს. ნაციონალური მოძრაობის შეფასებით, პრეზიდენტი დაინტერესებული უნდა იყოს, რომ უმცირესობის მოსაზრებებიც მოისმინოს და დებატების ფორმატს რეგლამენტი არ კრძალავს.

კომენტარები