ჯარისკაცების მოწამვლის საქმე

ჯარისკაცების მოწამვლაზე სასამართლომ ბრალდების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ჯარისკაცების მოწამვლის საქმეზე თავდაცვის სამინისტროსა და კვების კომპანიის თანამშრომლებისთვის აღკვეთის ღონისძიებად გირაოს შეფარდების შესახებ პროკურორების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. სასამართლომ ბრალდებულები აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვა. პროკურატურა აღნიშნულ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.

ბრალდების მხარე თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის სამედიცინო დეპარტამენტის უფროს მედეა ბეთაშვილის, შეიარაღებული ძალების მესამე ქვეითი ბრიგადის მთავარი ექიმის მიხეილ ბესტაევის, მეოთხე ქვეითი ბრიგადის სამედიცინო სამსახურის უფროს ოთარ ჯეჯეიას და ქართული კვების მენეჯერების - აკაკი გიორგაძისა და ლაშა გელოვანის მიმართ გირაოს სახით 10 000 ლარის დაკისრებას ითხოვდა, ხოლო ქართული კვების კიდევ ერთი მენეჯერის თორნიკე ხუბუასთვის - 2000 ლარის დაკისრებას.

ბრალდების მხარე გირაოს დაკისრების არგუმენტად ასახელებდა იმას, რომ ბრალდებულებს დანაშაული არ გაემეორებინათ და ასევე თავიდან აცილებულიყო მოწმეებზე შესაძლო ზეწოლა. დაცვის მხარე კი ამბობდა, რომ გირაო ვერ უზრუნველყოფდა იმას, რომ მოწმეებზე ზეწოლა არ მომხდარიყო, გარდა ამისა, ადვოკატების თქმით, ბრალდებულების დიდი ნაწილი ახლაც სისტემაში მუშაობს.

მოსამართლემ აღნიშნულ საქმეზე წინასასამართლო სხდომა 24 დეკემბერს 13 საათზე ჩანიშნა.

პროკურატურამ ჯარისკაცების მოწამვლის ფაქტზე თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებს ბრალი 4 ნოემბერს წარუდგინა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2201-ე მუხლის პირველი ნაწილით და 342-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე ვადით.

კომენტარები