ივერია: ოკუპანტ სახელმწიფოს უნდა დავანახოთ, რომ ჩვენი საზოგადოება ერთიანია

საზოგადოება ივერიის განცხადებით, ორგანიზაცია "მხარს უჭერს 15 ნოემბრის აქციას, რადგან საქმე ეხება ქართული სახელმწიფოებრიობის უმთავრეს ღირებულებას - მის სუვერენიტეტს". ივერიას მიაჩნია, რომ "საქართველოს სუვერენიტეტის დაცვა ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქის ვალია". მათივე განცხადებით, "მმართველი კოალიციის არაპროფესიონალიზმის და ქვეყნისთვის საზიანო ქმედებების გამო ხელისუფლების საგარეო პოლიტიკამ კრახი განიცადა, ხოლო საშინაო პოლიტიკა ორწლიან ტელესკანდალად გადაიქცა". 
 
საზოგადოება ივერია აღნიშნავს, რომ "მთავრობის გაუაზრებელი კურსით გამოწვეულმა მძიმე პოლიტიკურმა კრიზისმა საშუალება მისცა რუსეთს, დაეწყო აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ამჯერად უკვე სამართლებრივი ანექსია". ორგანიზაციის განცხადებით, "ივერია დაარსების დღიდან ცდილობდა ხელისუფლების ყურადღების მიპყრობას მოსალოდნელი საფრთხეებისადმი, მაგრამ ამაოდ".
 
"დღეს ურთიერთბრალდებების დრო აშკარად არ არის. ოკუპანტ სახელმწიფოს უნდა დავანახოთ, რომ ჩვენი საზოგადოება ერთიანია, როდესაც საქმე ეხება ქვეყნის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, მის ევროპულ და ევროატლანტიკურ მომავალს", - ნათქვამია საზოგადოება ივერიის განცხადებაში.
 
ცნობისთვის, 15 ნოემბერს ერთიანი ნაციონალური მოძრაობა აქციას მართავს, სადაც აფხაზეთის ანექსიას და საქართველოს მთავრობის პოლიტიკას გააპროტესტებენ.

კომენტარები