GNCC-მა Sputnik-ის მაუწყებლობის სამართლებრივი საკითხის შესწავლა დაიწყო

კომუნიკაციების ეროვნული კომისია
www.facebook.com/pages/კომუნიკაციების-ეროვნული-კომისია/

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ კომპანია Sputnik-ის მიერ 101,4 მეგაჰერც სიხშირეზე მაუწყებლობის დაწყების შესახებ გავრცელებული ინფორმაციის შესწავლა დაიწყო. GNCC-ის განცხადებით, მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, კომისია საკითხის შესწავლის შედეგებს და კომისიის გადაწყვეტილებას გაასაჯაროებს.

"საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის უწყებრივი რეესტრის მონაცემებით კომპანია Sputnik-ი არც სამაუწყებლო ლიცენზიის მფლობელია და არც მაუწყებლობაზე ავტორიზებული პირია. ამავე რეესტრის მონაცემებით, 101,4 მეგაჰერც სიხშირეზე რადიომაუწყებლობის ლიცენზია შპს „რ-რადიოს“ ეკუთვნის. აღნიშნული რადიომაუწყებლობის ლიცენზიის სახე საერთო მაუწყებლობაა, რაც გულისხმობს საინფორმაციო და საზოგადოებრივ პოლიტიკური გადაცემებით მაუწყებლობას. კომისიამ საკითხის შესწავლის მიზნით, შპს „რ-რადიოს“ უკვე მიმართა და გამოითხოვა წინა ერთი კვირის სამაუწყებლო ბადის უწყვეტი ჩანაწერი და სალიცენზიო პირობებთან მის შესაბამისობას შეისწავლის, ასევე კომპანია Sputnik-თან გაფორმებული ხელშეკრულების ასლი", - აცხადებს GNCC.

რუსული საინფორმაციო სააგენტოს Russia Today-ს ახალმა ბრენდმა, რადიოსადგურმა Sputnik-მა საქართველოში მაუწყებლობა დაიწყო. რადიოსადგურის მთავარი რედაქტორი ანტონ ლასხიშვილი ირწმუნება, რომ Sputnik-ი არ იქნება პროპაგანდის მანქანა და მისი მიზანს მხოლოდ იმ ინფორმაციის გავრცელება წარმოადგენს, რომელზეც სხვა საინფორმაციო სააგენტოები არ საუბრობენ.

Russia Today-ს დირექტორის, დმიტრი კისილიოვის განმარტებით ე.წ. ჰაბები 30-მდე მთავარ ქალაქში განთავსდება, მათ შორის, ლონდონში, პარიზი, ვაშინგტონში, პეკინსა და სტამბოლში. რადიოსადგურში ადგილობრივი ჟურნალისტები იმუშავებენ.

რადიომაუწყებლობამ, რომლის მიზანიც სხვების მიერ ართქმული ინფორმაციის გაშუქებაა, თავისი ერთ-ერთი პირველი სტატია საკუთარ ვებგვერდზე მსოფლიოში სეცესიონისტურ მოძრაობებს მიუძღვნა. დამოუკიდებლობის მოპოვების მსურველთა რიცხვში ყირიმთან ერთად შოტლანდიას, ესპანეთის კატალონიას, ასევე მაიამის შტატს ვხედავთ. Sputnik-ი ასევე განგვიმარტავს კიევის 5 შეცდომას, რომელმაც უკრაინის კრიზისი უფრო ღრმა და მოუგვარებელი პრობლემად აქცია. ბევრიც რომ ეძებოთ, ამ სტატიაში კრემლის ბრალეულობას ვერსად ნახავთ.

ცნობილია, რომ Russia Today-ს წლიური ბიუჯეტი 350 მილიონი დოლარია. 2015 წლისთვის კი მაუწყებლობის ბიუჯეტი თითქმის სამჯერ გაიზრდება, აქედან Sputnik-ისთვის გამოყოფილი თანხა სულ მცირე 75 მილიონი დოლარი იქნება.

შეგახსენებთ, რომ კისილიოვს რუსეთში სამთავრობო პროპაგანდის წარმოების გამო ევროკავშირმა სანქციები დაუწესა. გაერთიანებულ სამეფოში ბრიტანულმა მედიამარეგულირებელმა Russia Today-ს ინფორმაციის რუსეთის პერსპექტივიდან გაშუქების გამო ნორმატიული სანქციები დააკისრა.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული პროექტის დაფინანსება კრემლმა რუსეთში ადგილობრივი მაუწყებლობის კანონის გამკაცრების ფონზე დაიწყო, რომლის მიხედვითაც მედიასაშუალებების კაპიტალში უცხოური კომპანიების მონაწილეობა მხოლოდ 20 პროცენტამდე არის ნებადართული. სწორედ ამ მიზეზით შეწყვიტა რუსეთში მაუწყებლობა ამერიკულმა ტელეკომპანია CNN-მა.

კომენტარები