პრეზიდენტის შეხვედრა ალასანიასთან

საქართველოს პრეზიდენტი ირაკლი ალასანიას შეხვდა

პრეზიდენტის პრესსამსახური

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი თავდაცვის ყოფილ მინისტრ ირაკლი ალასანიას რეზიდენციაში შეხვდა. ალასანიას თქმით, მათ საქართველოში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებაზე ისაუბრეს.

"ერთმანეთს, ბუნებრივია, გავუცვალეთ მოსაზრებები, შეფასებები შექმნილ პოლიტიკურ ვითარებაზე ქვეყანაში. მე, ბუნებრივია, მქონდა მოსახსენებელი ის თემები, რომლებიც დაწყებული იყო თავდაცვის სამინისტროში, რომლის საქმის კურსში იყო პრეზიდენტი. იმედი გამოვთქვით, რომ ეს ყველაფერი გაგრძელდება. ეს უკავშირდება სწორედ იმ მთავარ, ეროვნულ ამოცანას, რომ ევროპის ნაწილი და ევროატლანტიკური სივრცის ნაწილი გავხდეთ. უკავშირდება სამხედრო ძლიერებას, ჩვენი თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას.

ბუნებრივია, იმედი გამოვთქვი, რომ სასამართლო და გამოძიება წარიმართება ამ ახლა უკვე საზოგადოებისთვის ცნობილ საქმეებზე ღიად, ტრანსპარანტულად. ობიექტური ჭეშმარიტება დადგინდება და საზოგადოება დაინახავს, რა მიღწევები ჰქონდა არმიას და თავდაცვის სამინისტროს ბოლო წლების განმავლობაში. ვისაუბრეთ იმაზე, რომ ჩვენს ქვეყანაში აუცილებელია პოლიტიკური ძალები, განსაკუთრებით, პროდასავლური პოლიტიკური ძალები გაძლიერდეს და ქვეყანამ გააძლიეროს ინსტიტუტები. ინსტიტუტები უნდა იღებდნენ მონაწილეობას ქვეყნის მართვაში", - თქვა ალასანიამ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

კომენტარები