პრეზიდენტის საპარლამენტო მიმართვა

მარგველაშვილი: ვერ მოახერხებ ორი ბატონის მსახურებას

საქართველოს პრეზიდენტმა საკანონმდებლო ორგანოში მიმართვისას განაცხადა, რომ საჭიროა პრინციპული ნაბიჯები და ძალისხმევა ევროპულ სახელმწიფოდ ჩამოსაყალიბებლად.

"ერთი რამ ნათელია - ვერ მოახერხებ ორი ბატონის მსახურებას - ვერ მოახერხებ ერთდროულად ევროპული მიზნების დეკლარირებას და, ამავე დროს, სახელმწიფოს შენებას რაიმე სხვა ყაიდაზე. ამას თუნდაც ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორია გვასწავლის - გავიხსენოთ: სააკაშვილი ყველაზე ხმამაღლა საუბრობდა "დასავლურობაზე", მაგრამ მოინდომა რა დასავლურისგან შორს მდგარი, არადემოკრატიული სახელმწიფოს შენება, განიცადა კრახი.

ახალი ხელისუფლების დემოკრატიული სტანდარტი ბევრად აღემატება ძველს, თუმცა დასავლური ყაიდის ინსტიტუციონალური მმართველობა ჩვენს წინაშე მდგარი რეალური გამოწვევაა და ჩვენ ამას თვალი უნდა გავუსწოროთ. უნდა გავუსწოროთ თვალი იმას, რომ ევროპულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებას ჩვენი ყველას პრინციპული ძალისხმევა სჭირდება.

იმისთვის რომ შევიდეთ ევროპაში, უნდა გავხდეთ ევროპა ჩვენი ცხოვრების წესით, ჩვენი დემოკრატიულობით, ჩვენი პლურალიზმით. უნდა ჩამოვაყალიბოთ მართვის დასავლური სისტემა და ჭეშმარიტად სამართლებრივი სახელმწიფო; სახელმწიფო, სადაც სამართლის უზენაესობა არის ხელშეუვალი პრინციპი. სამართლებრივ სახელმწიფოში ყველა თანაბრად უნდა ემორჩილებოდეს კანონს – როგორც ინდივიდი, ისე ხელისუფლების ინსტიტუტები. საჭიროა ხელისუფლების განშტოებათა გამიჯვნა-განცალკევების, ურთიერთკონტროლისა და ურთიერთგაწონასწორების გამართულად მოქმედი სისტემის ამუშავება. არ უნდა დავუშვათ  სახელმწიფო ინსტიტუტებს შორის ურთიერთქმედების ჩანაცვლება ხელმძღვანელთა შორის პერსონიფიცირებული ურთიერთობებით; გადაწყვეტილებების მიღების პროცესი უნდა მოვაქციოთ ფორმალურ გარემოში, რისთვისაც არსებობს კონსტიტუციით გათვალისწინებული ფორმატები. ნათელია, რომ დემოკრატიზაცია და ინსტიტუციონალიზაცია ჩვენი ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საფუძველთა საფუძველია.

უნდა განვუმტკიცოთ მოქალაქეებს ის განცდა, რომელიც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების პერიოდში აღეძრათ - ეს მათი ქვეყანაა! ეს სახელმწიფო - მათი სახელმწიფოა! და სახელმწიფო ინსტიტუტები მათი კეთილდღეობისა და უსაფრთხოებისთვის არსებობენ და მუშაობენ", - განაცხადა პრეზიდენტმა პარლამენტში.

კითხვაზე, რას გულისხმობდა ორი ბატონის მსახურებაში - პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ეს ციტატა ბიბლიიდან არის და ის შეუთავსებელ პრინციპებს გულისხმობდა.

 

კომენტარები