პრეზიდენტის საპარლამენტო გამოსვლა

ბაქრაძე: პარლამენტმა პრეზიდენტის ინსტიტუტის მიმართ უპატივცემულობა გამოხატა

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ, პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლა ჟურნალისტებთან საუბარში შეაფასა. როგორც უმცირესობის ლიდერმა აღნიშნა, მარგველაშვილმა გამოსვლისას სწორი აქცენტები დასვა, თუმცა მას იმედი არ აქვს, რომ საპარლამენტო უმრავლესობა და მთავრობა მას შეასრულებს.

"ვფიქრობ, რომ პრეზიდენტის გამოსვლაში იყო რამდენიმე სრულიად სწორი მესიჯი. ჩემთვის აბსოლუტურად მისაღები და სწორი გახლდათ მისი ფორმულირება, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები არ უნდა ემსახურებოდეს პიროვნებებს. ეს დღევანდელ საქართველოში პრობლემაა.

მე ვეთანხმები მის ფორმულირებას, რომ დღეს საქართველოში პროკურატურის უკონტროლობა გახლავთ სერიოზული პრობლემა და უნდა შეიქმნას მექანიზმები, რომლითაც პროკურატურა გაკონტროლდება პარლამენტისა და საზოგადოების მხრიდან. მნიშვნელოვანი იყო მისი მესიჯი იმასთან დაკავშირებით, რომ შსს-ს არ უნდა ჰქონდეს შეუზღუდავი უფლებები და უნდა მოხდეს მისი დემოკრატიზაცია და მისი უფლებების შეზღუდვა, მათ შორის, მოსმენების შეზღუდვის გზითაც.

ამიტომ ვფიქრობ, რომ აქცენტები იყო სწორი, მაგრამ სამწუხაროდ, პრეზიდენტისა და პრეზიდენტის ინსტიტუტის მიმართ ამ დამოკიდებულების პირობებში, მე არ ველოდები, რომ უმრავლესობისა და მთავრობის მხრიდან გადაიდგმება რაიმე ნაბიჯები ამ სწორი აქცენტების შესასრულებლად", - თქვა ბაქრაძემ..

მისი თქმით, დებატების არარსებობა, რის გამოც საპარლამენტო უმცირესობამ პრეზიდენტს არ მოუსმინა და დარბაზი დატოვა, პრეზიდენტის ინსტიტუტსა და ქართველ ხალხს შეურაცხყოფს.

"პარლამენტი გახლავთ მსჯელობის ადგილი და როდესაც ჩვეულებრივი მინისტრის მოადგილე მოდის და გამოაქვს ნებისმიერი კანონი, პროცედურა ითვალისწინებს მასთან შენიშვნებს, შეკითხვებს და მოსაზრებების გამოხატვას. ამიტომ, თუ ეს პროცედურა არსებობს ნებისმიერ მომხსენებელზე, მათ შორის, მინისტრის მოადგილეზე, სრულიად გაუგებარია არგუმენტაცია, რატომ არ უნდა იყოს ეს პროცედურა მაშინ, როდესაც ხდება საგანგებო მოვლენა და როდესაც საქართველოს პრეზიდენტი საგანგებო რეჟიმში მიმართავს პარლამენტს.

ეს დამოკიდებულება, რომ მოდი, რაც შეიძლება სწრაფად მორჩეს პრეზიდენტი საუბარს და წავიდეს, არ ვიმსჯელოთ, კითხვა არ დავუსვათ, არ შევაფასოთ ის საკითხები, რაზეც ის საუბრობდა - ეს დამოკიდებულება არის უპატივცემულობა არა მხოლოდ პრეზიდენტის ინსტიტუტის მიმართ, ეს დამოკიდებულება არის უპატივცემულობა ქართველი ხალხის მიმართ. რადგან პრეზიდენტი აირჩია ქართველმა ხალხმა და ადამიანი, რომელიც საუბრობს ქართველი ხალხის არჩეული მანდატით, ნამდვილად იმსახურებს საქართველოს პარლამენტის მხრიდან, რომ, როგორც მინიმუმ, მასთან ჰქონდეს შეკითხვის დასმისა და აზრის გამოხატვის საშუალება.

სხვა საკითხია, შესაძლოა დავეთანხმოთ ან არ დავეთანხმოთ, მაგრამ ელემენტარული ინსტიტუციური პატივისცემა, ელემენტარული პატივისცემა მისი ამომრჩევლის, ქართველი ხალხის მიმართ, მოითხოვს იმას, რომ საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს პარლამენტში ჩადგეს თუნდაც ისეთ რეჟიმში, როგორშიც დგას ნებისმიერი მინისტრის მოადგილე, რომელსაც საკითხი გამოაქვს ტრიბუნაზე", - განაცხადა ბაქრაძემ.

კომენტარები