პრეზიდენტის საპარლამენტო გამოსვლა

ქუცნაშვილი: პრეზიდენტის გამოსვლა იყო მოთხოვნის საფუძველთან აცდენილი

www.radiotavisupleba.ge

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ზაქარია ქუცნაშვილის შეფასებით, "პრეზიდენტის გამოსვლა იყო საინტერესო, მაგრამ ძალიან კრიტიკული და მოთხოვნის საფუძველთან აცდენილი". მისი თქმით, მოთხოვნის საფუძველი იყო ევროატლანტიკური კურსის საკითხი.

"ეს იყო, რაც დაედო მის მოთხოვნას საფუძვლად, რომ ქვეყანა არის ევროატლანტიკური კურსის ცვლილების საფრთხის ქვეშ და ამიტომაც ითხოვდა მომართვას. აი, ამასთან იყო აცდენილი. არაფერ კავშირში არ იყო რეორგანიზაციის საფუძველზე კადრების შემცირება ევროატლანტიკურ კურსთან, ან კანონების ამოქმედების გადავადების საკითხი ევროატლანტიკურ კურსთან, ეგრე ყველაფრის მიბმა შეიძლება ევროატლანტიკურ კურსთან. პრეზიდენტმა მოითხოვა სხვა საფუძვლით გამოსვლა და მივიღეთ საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრების ყველა ასპექტზე პრეზიდენტის შეხედულების მოსმენა, რისი უფლებაც პრეზიდენტს აქვს და ამ უფლების რეალიზაციას ახდენს ყოველწლიური მიმართვის დროს თებერვლის თვეში", - განაცხადა ქუცნაშვილმა.

დღეს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტს მიმართა. პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას აქცენტი საქართველოს პარლამენტის როლსა და საქართველოს ევროატლანტიკურ კურსზე გააკეთა. საქართველოს პრეზიდენტმა თქვა, რომ საქართველოს დასავლური კურსი ეჭვქვეშ სამი მინისტრის გადადგომის გამო დადგა, რადგან ისინი ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის კუთხით მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ. მისივე თქმით, საქართველოს პოლიტიკური კრიზისის მიზეზი ინსტიტუციური მართვის ნაკლებობაშია, რადგან ბოლო დღეების განმავლობაში გაურკვეველი იყო, ვის ემსახურება ინსტიტუტები - სახელმწიფოს თუ საკუთარ პოლიტიკურ ხელმძღვანელობას. გიორგი მარგველაშვილი თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებას, ასევე გასულ წელს სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანამშრომლების კორუფციაში დადანაშაულებას შეეხო და განაცხადა, რომ პარლამენტმა უნდა დაიცვას მინისტრები და მთავრობა, წინააღმდეგ შემთხვევაში, შეშინებულ და დაუცველ სისტემას მივიღებთ.

გიორგი მარგველაშვილმა ძალოვან სტრურქტრებში რეფორმების აუცილებლობაზე ისაუბრა და პარლამენტს შინაგან საქმეთა სამინისტროდან უშიშროების სამსახურის გამოყოფის შეუსრულებელი დაპირება შეახსენა

პრეზიდენტის გამოსვლის დასრულების შემდეგ დეპუტატებს პარლამენტის თავმჯდომარემ მიმართა. დავით უსუფაშვილმა თქვა, რომ სახელმწიფო ინსტიტუტების მუშაობის გაუმჯობესებას ის პრეზიდენტისგან ელოდება, რადგან ამის უზრუნველყოფა კონსტიტუციით ქვეყნის პირველ პირს აკისრია.

უსუფაშვილის სიტყვით გამოსვლის დაწყებამდე ნაციონალური მოძრაობის წევრებმა დებატების არარსებობის გამო სესიის დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს.

კომენტარები