ენმ-ის აქციის პარალელურად, რეგიონებში ე.წ შაბათობები და მარათონი იმართება

Goga Khachidze/facebook.com

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დაგეგმილი აქციის პარალელურად, საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში საჯარო მოხელეები და პედაგოგები ე.წ შაბათობაში მონაწილეობის მისაღებად დაიბარეს. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სამოქალაქო საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივნის ზურაბ ჭიაბერაშვილის ინფორმაციით, 15 ნოემბერი ყველა მუნიციპალიტეტში დასუფთავების დღედ გამოცხადდა. მისი თქმით, “შაბათობებს” მხოლოდ იმიტომ ატარებენ, რომ დღევანდელ აქციაში მონაწილეობის მსურველი ადამიანები გააკონტროლონ.

“საბავშვო ბაღებში სანიტარული ღონისძიების ჩასატარებლად დაიბარეს თანამშრომლები. გარდაბანში კი, ორიდან ოთხ საათამდე მარათონს აწყობენ და გზას კეტავენ, რომ ქალაქიდან მანქანები ვერ გამოვიდნენ”, - ამბობს ჭიაბერაშვილი.

ამასთან, უმცირესობის წევრმა გოგა ხაჩიძემ facebook-ში გაავრცელა გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის განცხადება, რომლითაც გამგებელი შსს-ს სპორტული მარათონის გამართვის შესახებ აწვდის ინფორმაციას. ხაჩიძემვე წალენჯიხის სასპორტო ცენტრის მთავარი სპეციალისტის გიორგი გაბელიას განცხადება გაავრცელა, სადაც გაბელია ცენტრის დირექტორს უხსნის, რომ 15 ნოემბრის აქციის გამო ვერ მიიღებს დასუფთავების აქციაში მონაწიელობას.


ფოტო: Goga Khachidze/facebook.com
გამოცემა ლიბერალთან საუბარში, მარნეულის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულმა ელშან ჰასანოვმა დაადასტურა, რომ დღეს მუნიციპალიტეტის თანამშრომლები ქალაქს მართლაც ასუფთავებენ. მისი თქმით, დასუფთავების ღონისძიება მარნეულში ხშირად ეწყობა და დღესაც ერთი ასეთი “შაბათობა” აქვთ. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელმა კი ლიბერალს უთხრა, რომ შაბათობაში აღნიშნული მუნიციპალიტეტის ყველა ორგანოს თანამშრომელი იღებს მონაწილეობას. მათ შორის, მასწავლებლებიც. მუნიციპალიტეტის წარმოადგენელი ამბობს, რომ ღონისძიებაში ჩართვა სავალდებულოა. გამონაკლისი კი იმ შემთხვევაში ხდება, თუ ვინმეს გამოუვალი მდგომარეობა შეექმნება.

კომენტარები