რუსული ანექსია

ჯაჭვლიანი: არ მჯერა, რომ რუსები ისე გააგრძელებენ, როგორც ორასი წლის მანძილზე

reportiori.ge

საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრი, სოსო ჯაჭვლიანი თვლის, რომ რუსული ანექსიისა და რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ ხელშეკრულების პროექტის პასუხად, საქართველოს მხრიდან რუსეთთან დიალოგს ალტერნატივა არ აქვს.

“როცა ამ წლების განმავლობაში ჩვენ ვლაპარაკობთ, რომ თურმე რუსებთან დალაპარაკება არ შეიძლება, რომ ისინი ისევ ისე გააგრძელებენ, როგორც აგრძელებდნენ ამ ორასი წლის განმავლობაში, მე აი ამ აზრს არ ვეთანხმები... ალტერნატივა არ აქვს დიალოგს. ამიტომ, მე ვთვლი, ჩვენი პრეზიდენტი, ჩვენი პრემიერი, აუცილებლად უნდა შეხვდნენ და გამონახონ ის ძაფები, რომ დიალოგი შედგეს, სხვანაირად აბსოლუტურად გამორიცხულია. შეიძლება მე და შენ მამასისხლად ვიყოთ გადაკიდებული, ხმას არ ვცემდეთ და მეზობლები ვიყოთ? გამორიცხულია. ამიტომ ალტერნატივა არ აქვს დიალოგს. რუსეთის გარეშე არც აფხაზეთში და არც სამაჩაბლოში არაფერი არ გადაწყდება,” - აღნიშნა ჯაჭვლიანმა.

ტაბულამ შეახსენა უმრავლესობის წევრს, რომ საქართველოს პრეზიდენტმა გამოთქვა მზადყოფნა პუტინთან შეხვედრაზე, თუმცა ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა თქვა, რომ რუსეთისა და საქართველოს პრეზიდენტებს შორის შეხვედრაზე საუბარი ნაადრევია. ჯაჭვლიანის თქმით, ეს დიპლომატიურმა კორპუსმა, საგარეო საქმეთა სამინისტრომ ან სხვამ უნდა მოაგვაროს.

“ჩვენ გვყავს ჩვენი დიპლომატიური კორპუსი, ჩვენი საგარეო საქმეთა სამინისტრი და მათ ეს აუცილებლად უნდა მოაგვარონ და თუ ვერ აგვარებენ ამას, სხვა მოაგვარებს,” - აღნიშნა ჯაჭვლიანმა.

კომენტარები