მერაბიშვილი: ხელისუფლებას ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო პოზიციები უკავია

საქართველოს ყოფილმა პრემიერმა ვანო მერაბიშვილმა 15 ნოემბრის აქციის მონაწილეებს Facebook-ის მეშვეობით მიმართა. მერაბიშვილის თქმით, სწორედ მაშინ, როდესაც რუსეთი სუსტდება, საქართველო არ არის შინაგანად ერთიანი და საკმარისად ძლიერი, რათა საბოლოო დამოუკიდებლობა მოიპოვოს. ყოფილი პრემიერი აღნიშნავს, რომ "დღეს, როდესაც მსოფლიო ყველაზე მეტად არის მობილიზებული რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ, ამოქმედდა სანქციები, ხოლო რუსეთი მრავალ ფრონტზეა დაკავებული", საქართველოს ხელისუფლებას საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო პოზიციები უკავია.

"მინდა, მოგესალმოთ საქართველოს ყველა პატრიოტს, რომელიც მიუხედავად პარტიული კუთვნილებისა, თუ პოლიტიკური მოსაზრებებისა, დღეს აქ შეიკრიბეთ და გამოთქვამთ პროტესტს იმ ქმედებების გამო, რომელსაც ოკუპანტი ახორციელებს ჩვენი სამშობლოს წინააღმდეგ.

გულდასაწყვეტია ის ფაქტი, რომ დღეს, როდესაც მთელს მსოფლიოში მოხერხდა კონსენსუსის მიღწევა რუსეთის იმპერიალისტური განზრახვებისა და ქმედებების შეფასებაზე და მთელი ცივილიზებული სამყარო უპირისპირდება მას, ჩვენი ქვეყანა განზე აღმოჩნდა ამ პროცესებისგან და საერთოდ ამოვარდნილი ვართ საერთაშორისო დღის წესრიგიდან.

საქართველო მართლაც ჰგავს კავკასიაზე მიჯაჭვულ ამირანს. როგორც კი იგი ძლიერდება, უახლოვდება ჯაჭვის გადაჭრას, მაშინვე ხდება რაღაც, რაც საქართველოს კვლავ უკან აბრუნებს და აშორებს თავისუფლებას. სამწუხაროდ სწორედ მაშინ, როდესაც რუსეთი სუსტდება, საქართველო არ არის შინაგანად ერთიანი და საკმარისად ძლიერი, რათა საბოლოო დამოუკიდებლობა მოიპოვოს.

ასე იყო 1918-21 წლებში, როდესაც საქართველო არ იყო ერთიანი და იმპერიის დაშლის შანსი სათანადოდ ვერ გამოიყენა.

ასე იყო 90-იან წლებში, როდესაც საბჭოთა კავშირის დაშლის დროს ჩვენ შიდა დაპირისპირებით ვიყავით დაკავებული.

ასე იყო 1993 წელსაც, როდესაც სოხუმი დაეცა, ხოლო ჩვენ შიდა ომი გვქონდა. მაშინ ჩვენ სულ რაღაც 2 თვე მაინც, ერთიანები რომ ვყოფილიყავით, იმ დროს, როდესაც რუსული ტანკები მოსკოვში რუსეთის დუმას ბომბავდნენ ჩვენ აფხაზეთის გადარჩენას შევძლებდით.

დღესაც ასეა. დღეს, როდესაც მსოფლიო ყველაზე მეტად არის მობილიზებული რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ, ამოქმედდა სანქციები, ხოლო რუსეთი მრავალ ფრონტზეა დაკავებული, სწორედ ახლა საქართველოს ხელისუფლებას საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო პოზიციები უკავია.

თითოეული თქვენგანი, ვინც ამ წუთას ამ მოედანზე იმყოფებით, ხართ ჯარისკაცი, რომელიც თავის ვალს იხდის ქვეყნის და შთამომავლობის წინაშე. თქვენ შეგიძლიათ იამაყოთ იმით, რომ პირადად მონაწილეობთ საქართველოს ისტორიის შექმნაში!" - აცხადებს მერაბიშვილი.

დღეს, რუსთაველის გამზირზე რუსული ანექსიის წინააღმდეგ აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა რუსული ანექსია და ამ მიმართულებით საქართველოს მთავრობის პოლიტიკა გააპროტესტეს. აქციაზე დაახლოებით რამდენიმე ათასი ადამიანი იმყოფებოდა. მონაწილეებს სიტყვით ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმაც მიმართა, რომელიც კიევიდან ჩაერთო. მანიფესტაცია ცოტა ხნის წინ დასრულდა.

კომენტარები