ტოლერანტობის დღე

რუსუდან გოცირიძე: ტოლერანტობის მხრივ საზარზეიმო სიტუაცია ნამდვილად არ გვაქვს

ტაბულა

“ჩვენ საზარზეიმო სიტუაცია ნამდვილად არ გვაქვს, როდესაც არსებობს სამთაწყარო, ჭელა, როდესაც არსებობს ქობულეთის სასწავლებლის კარი, სადაც ის ლურსმნები ალბათ ჯერ ისევ არის დარჭობილი. ასე რომ, ძალიან ბევრია გასაკეთებელი და ზარ-ზეიმით ეს საქმე არ კეთდება,” - აღნიშნა ბაპტისტურ-ევანგელური ეკლესიის ეპისკოპოსმა რუსუდან გოცირიძემ ტოლერანტობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.

“დღევანდელი დღე არის ტოლერანტობის დღე და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ქალაქმა ეს დღე რაღაცა ფორმით აღნიშნა. მნიშვნელოვანია ის, რომ ასეთ საინტერესო ადგილას, ევროპის მოედანთან ახლოს, სკვერს დაერქვა ტოლერანტობის სახელი. გვაქვს ძალიან საინტერესო ტრადიცია ამ ქალაქში სხვადასხვა თემის, ერის, რელიგიის ხალხის თანაცხოვრებისა. მაგრამ, სამწუხაროდ, რაც დამაკლდა დღევანდელ დღეს, ეს არის ის, რომ არავინ არ ახსენა, რა გამოწვევების წინაშე დგას ჩვენი ხალხი ტოლერანტობის თვალსაზრისით,” - თქვა რუსუდან გოცირიძემ

ტოლერანტობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე საქართველოს პრემიერმინისტრმა სიტყვა წარმოთქვა და გაახმაურა ინიციატივა, რომლის მიხედვით, თბილისში, ევროპის მოედანზე მდებარე სკვერს ტოლერანტობის სახელი მიენიჭება.

“ტოლერანტობა არის ის დემოკრატიული ღირებულება, რომლის დასამკვიდრებლადაც დიდი ძალისხმევა ჩვენ არ დაგვჭირვებია არასოდეს და დარწმუნებული ვარ, რომ არ დაგვჭირდება მომავალში,” - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები