თბილისის ბიუჯეტი

2015 წლის თბილისის ბიუჯეტის პირველი ვერსია 799 მილიონ ლარს შეადგენს

Wikipedia

დღეს თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და საბიუჯეტო-საფინანსო კომისიის თავმჯდომარემ ჯაბა სამუშიამ 2015 წლის თბილისის ბიუჯეტის პროექტზე ისაუბრა. ამ დროისთვის საკრებულოში წარდგენილი თბილისის ბიუჯეტის პროექტი 799 მილიონი ლარით არის განსაზღვრული.

ჯაბა სამუშიას თქმით, 2015 წლის ბიუჯეტი უფრო მეტად სოციალური პრობლემების მოგვარებისკენ იქნება მიმართული, რასაც 2015 წლის ბიუჯეტით 168 მილიონი ლარი მოხმარდება. სამუშიას თქმით 4 მილიონი ლარით დაფინანსდება ლეიკემიითა და ონკო-ჰემატოლოგიით დაავადებული პაციენტების მკურნალობა, ასევე C ჰეპატიტით დაავადებულთა მკურნალობისთვის 1,4 მილიონია გამოყოფილი. ჯაბა სამუშია ყურადღებას სკოლამდელი დაწესებულებების დაფინანსების საკითხზეც ამახვილებს, მისი თქმით, ბიუჯეტის პროექტით, საბავშვო ბაღების დაფინანსება 10 მლნ ლარით იზრდება.

სამუშიას შეფასებით, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისთვის, კერძოდ კი, ქუჩებში გზის საფარის მოწესრიგებისთვის საჭიროა ქუჩების მდგომარეობის სრული აღწერა.

ნაციონალური მოძრაობის შეფასებით, 2015 წლის ბიუჯეტის პროექტი 11 მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტის დაფინანსებასაც უნდა მოიცავდეს. ენმ დავით ნარმანიას მის წინასაარჩევნო დაპირებასაც ახსენებს, რომლის მიხედვითაც სარაჯიშვილის ქუჩისა და მარშალ გელოვანის გამზირის დამაკავშირებელი ესტაკადა უნდა აშენებულიყო. ასევე სააკაძის მოედანზე ახალი გვირაბის მშენებლობა უნდა დაწყებულიყო, რომელიც აღნიშნულ ქუჩაზე ორდონიანი მოძრაობის საშუალებას შექმნიდა. ნაციონალური მოძრაობის წევრები თბილისის მერიისგან 2015 წლის ბიუჯეტში თბილისის შემოვლითი რკინიგზის მშენებლობის განახლებასაც მოითხოვენ.

ნაციონალური მოძრაობის წევრის თამაზ შოშიაშვილის თქმით ბიუჯეტის პროექტით არსებული 100 ლარიანი შეღავათის განახევრება არის დაგეგმილი. შოშიაშვილის ინფორმაციით ბიუჯეტით კომუნალური გადასახადის ვაუჩერის ზრდა არც სოციალურად დაუცველებისთვის არის გათვალისწინებული. 

მიმდინარე კვირა ბიუჯეტის პროექტის განხილვას დაეთმობა, რის შემდეგაც მერია დეკემბრის დასაწყისში თბილისის ბიუჯეტის განახლებულ ვერსიას ისევ საკრებულოს წარუდგენს.

კომენტარები