ტყის კვირეული

ტყის კვირეული 15 ნოემბერს წავკისში დაიწყო

15-23 ნოემბერს, WWF-ის ინიციატივითა და ხელშეწყობით ტყის კვირეული გაიმართება. კვირეულს უმასპინძლებს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული რეგიონული პროექტი - კლიმატის ცვლილებების პირობებში ტყის ეკოსისტემების მდგრადობის ამაღლება სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში.

კვირეული 15 ნოემბერს წავკისში თბილისის მერიის გამგებლობაში არსებულ  საცდელ სატყეო უბანზე დაიწყო. ღონისძიება 2012-2014 წლებში გაშენებული ტყის ნარგაობების დათვალიერებას და წინასწარ განკუთვნილ ტერიტორიაზე ხის ნერგების დარგვას მოიცავდა. ნერგების დარგვის პროცესს მონიტორინგს WWF-ის წარმომადგნლები უწევდნენ.

ტურში ასევე მონაწილეობდნენ თბილისის მერი დავით ნარმანია ოჯახთან ერთად და მერიის, WWF-ის, საელჩოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, სტუდენტები და სხვა სტუმრები. დასასრულს, ყველა მონაწილეს მადლობის ნიშნად სერტიფიკატი და სიმბოლური საჩუქრები გადაეცა. წავკისში ამ დღეს 300 წიწვოვანი ხე დაირგო.

"მთელი საზოგადოების ჩართულობით ირგვება ძალიან ბევრი ხე, ნიშნად იმისა, რომ ვიზრუნოთ მომავალზე და გვქონდეს ეკოლოგიურად სუფთა გარემო. თითოეულ ნარგავს განსაკუთრებული მზრუნველობა სჭირდება. ჩვენ, ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ გვქონდეს გამწვანებული და ეკოლოგიურად სუფთა დედაქალაქი. ძალიან მნიშვნელოვანია ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის გამოცდილება და მხარდაჭერა“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

 თბილისის მერმა მადლობა გადაუხადა ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდს, რომელიც, კვირეულის დასრულების შემდეგ, გამწვანებისთვის საჭირო ტექნიკურ მოწყობილობას თბილისის მერიას გადასცემს.

"თბილისის შემოგარენის ტერიტორიის 60-65 პროცენტი დაფარულია ხელოვნური ტყის საფარით, კერძოდ, ფიჭვნარით, რომელიც დღეს ხანდაზმულობის გამო არასახარბიელო მდგომარეობაშია. ამიტომ აუცილებელია მისი ტრანსფორმირება ახალი ნერგებით და ბუნებრივ ტყეებთან მიახლოება. აღნიშნულ ტერიტორიაზე ჩვენი პროექტის ფარგლებში უკვე დაირგო 20 ათასამდე ნერგი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ეკოლოგიურად სუფთა დედაქალაქისთვის“, - აღნიშნა ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის წარმომადგენელმა კავკასიის რეგიონში გიორგი სანადირაძემ. 

კომენტარები