თემურ ქეცბაია

sports.in.gr: ქეცბაია საბერძნეთის ნაკრების მწვრთნელობის ერთ-ერთი კანდიდატია

0 კომენტარი
თემურ ქეცბაია ფოტო: ტაბულა

ფარერის კუნძულებთან 0:1 მარცხის შემდეგ, საბერძნეთის ფეხბურთის ფედერაციამ ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელი, იტალიელი კლაუდიო რანიერი თანამდებობიდან გაათავისუფლა. ბერძნებმა ევრო 2016-ის შესარჩევ ჯგუფურ ეტაპზე, 3 მარცხი იწვნიეს, ერთხელ ფრედ ითამაშეს და ამჟამად ბოლო ადგილზე იმყოფებიან.

სფფ-ის გადაწყვეტილებით, ეროვნულ გუნდს დროებით 21-წლამდელთა ნაკრების ყოფილი მწვრთნელი, კოსტას ცანასი ჩაიბარებს.

ნაკრების მთავარი მწვრთნელის მოხსნის შემდეგ, ბერძნულ პრესაში აქტიურად განიხილავენ მომავალი თავკაცის კანდიდატურებს.

პოპულარულმა პორტალმა sports.in.gr-მ რამდენიმე სავარაუდო კანდიდატი მიმოიხილა. მათ შორისაა საქართველოს ნაკრების უკვე ყოფილი მთავარი მწვრთნელი, თემურ ქეცბაია.

"კლაუდიო რანიერის მოხსნის შემდეგ, სავარაუდო მწვრთნელთა სახელები ცნობილია. იტალიელის ცუდმა მუშაობამ აჩვენა, რომ ქვეყნის მთავარ გუნდს, ბერძნული ფეხბურთის მცოდნე სპეციალისტი სჭირდება. ამიტომ, გიორგოს დონისი კარგი ვარიანტი იქნება, მაგრამ მას ამჟამად კონტრაქტი აპოელთან აქვს. დასახელდა თემურ ქეცბაიას და ანგელოს ანასტასიადისის ვარიანტები, თუმცა ასევე ივან იოვანოვიჩისაც, რომელიც ამჟამად არაბეთში მოღვაწეობს და მისი გამოსყიდვა ძვირი დაჯდება", - წერს sports.in.gr.

შეგახსენებთ, რომ ქეცბაია 1994-97 წლებში თამაშობდა საბერძნეთში, კერძოდ აეკ-ში. სამწვრთნელო კარიერის დაწყების შემდეგ კი, ბერძნულ ოლიმპიაკოსს ჩაუდგა სათავეში, თუმცა კონტრაქტი მალევე გაწყდა და ქეცბაია სამუშაოდ საქართველოში გაეშურა. აღსანიშნავია, რომ ოლიმპიაკოსმა ქართველი სპეციალისტის მეთაურობით 6 მატჩი გამართა, რომელთაგან 5 მოიგო, ერთი კი ფრედ დაასრულა.

თემურ ქეცბაიამ საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი 14 ნოემბერს, შინ პოლონეთთან ანგარიშით - 0:4 მარცხის შემდეგ დატოვა.

საქართველოს ნაკრები ევრო 2016-ის შესარჩევ ჯგუფში 4 თამაშში 3 ქულით მე-5 ადგილზე იმყოფება.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლევან ბერძენიშვილი

კომენტარები