ლევან ბეჟაშვილი

ენმ საჯარო სამსახურების დატოვების ფაქტების შესწავლას ითხოვს

თანამდებობის პირებს სამსახურში აქტივისტები მოჰყავთ, - ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის წევრმა ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა. ბეჟაშვილის თქმით, 2012 წლიდან და განსაკუთრებით 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, საჯარო მოხელეებზე ზეწოლა გაძლიერდა და პოლიტიკური თუ სხვა მოტივაციით მათ სამსახურიდან უშვებენ. მისივე მტკიცებით, ადგილობრივი თანამდებობის პირები ცდილობენ, სამსახურში მიიყვანონ პოლიტიკური აქტივისტები, ნათესავები და ნეპოტიზმის არაერთი ფაქტი დაფიქსირდა.

„დაახლოებით 6 000-ზე მეტმა ადამიანმა დატოვა სამსახური. ბოლო თვეების განმავლობაში ეს პროცესი გააქტიურდა. ჩვენ პარლამენტს ვთხოვთ, რომ თითოეულ ასეთ ფაქტთან დაკავშირებით მოხდეს ადეკვატური რეაგირება როგორც ადმინისტრაციული, ასევე სისხლისსამართლებრივი ორგანოების მხრიდან“, - განაცხადა ბეჟაშვილმა.

მისი თქმით მსგავს ფაქტებზე არცერთი სისხლის სამართლის საქმე არ არის აღძრული.

შეგახსენებთ, რომ საჯარო სამსახურიდან თანამშრომლების გათავისუფლებაზე ყურადღება არასამთავრობო ორგანიზაციებმა და სახალხო დამცველის აპარატმაც გაამახვილეს.

კომენტარები