ევროპარლამენტის რეზოლუცია

ბოკერია რეზოლუციაზე: ფაქტია, რომ პოლიტიკური დევნა აშფოთებთ ევროპელ პარტნიორებს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საერთაშორისი მდივნის გიგა ბოკერიას განცხადებით, ენმ ყველა ევროპული პასუხისმგებლობის მქონე პოლიტიკურ ძალას მოუწოდებს, რომ მხარი დაუჭირონ საქართველოს შემდგომ ინტეგრაციას, კერძოდ კი, ასოცირების ხელშეკრულების რატიფიკაციას, "რადგან ამას იმსახურებს ქართველი ხალხი". მეორე მხრივ, ბოკერიას თქმით, "ფაქტია, რომ პოლიტიკური დევნა ოპონენტების, ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების, დღევანდელი ოპოზიციის ფიგურების, სერიოზულ შეშფოთებას იწვევს ჩვენს ევროპელ პარტნიორებში. იმიტომ, რომ ეს არ არის ევროპული გზა, ეს გზა გვაშორებს ევროპულ ინტეგრაციას". ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საერთაშორისო მდივანი ევროპარლამენტში დღეს საქართველოს შესახებ რეზოლუციის განხილვას გამოეხმაურა.

ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში დღეს საქართველოს შესახებ რეზოლუციის პროექტს განიხილავენ. დეპუტატები საქართველოში არსებული სიტუაციის შესახებ რეზოლუციას მომხსენებელ ანდრეი მამიკინის მიერ მომზადებული ანგარიშის საფუძველზე მიიღებენ. აღსანიშნავია, რომ რეზოლუციის თავდაპირველ ტექსტში ინტერფრაქციული კომპრომისის შედეგად, ცვლილებები შევიდა. რეზოლუციის ტექსტს აღნიშნული ცვლილებებით კომიტეტზე კენჭს უყრიან.

ცვლილებების მიხედვით, ევროპარლამენტი შეშფოთებას გამოთქვამს წინა ხელისუფლებისა და ამჟამინდელი ოპოზიციის წარმომადგენლების მიმართ სისხლის სამართლის საქმეებზე გამოძიებებისა და ოპონენტებთან საბრძოლველად მართლმსაჯულების სისტემის გამოყენების გამო.

ამასთან, ევროპარლამენტი წუხილს გამოთქვამს "ისლამოფობიისა და ჰომოფობიის ძალადობრივ ფაქტებზე, რომლებიც ქვეყანაში მოხდა და ასევე პროკურატურისა და სასამართლოს მარცხის გამო, დაესაჯათ დამნაშავეები ეფექტურად".

კომენტარები