ევროპარლამენტის რეზოლუცია

ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტში საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღეს

ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტმა 49 ხმით 3-ის წინააღმდეგ (4-მა თავი შეიკავა) მიიღო რეზოლუცია, რომელიც მომხსენებელ ანდრეი მამიკინსის მიერ მომზადებული ანგარიშის საფუძველზე შეადგინეს.

საგარეო კომიტეტმა 48 ხმით ერთის წინააღმდეგ (3-მა თავი შეიკავა) ასევე შეიმუშავა რეკომენდაცია, რომლის თანახმად პარლამენტი ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირებისთვის კენჭისყრას დეკემბერში ჩაატარებს. ევროპარლამენტის დეკემბრის სესიაზევე იგეგმება მიღებული რეზოლუციის დამტკიცებაც. 

რეზოლუციის მიხედვით, კომიტეტი მიესალმება უკანასკნელ სასამართლო რეფორმებს, რომელიც საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების გასაძლიერებლად გატარდა. ის ასევე ხაზს უსვამს, რომ ძალაუფლების სამივე შტო ეფექტურად უნდა იყოს განცალკევებული და ყველა სამართლებრივი დევნა გამჭვირვალე, პროპორციული და პოლიტიკური მოტივაციისგან თავისუფალი უნდა იყოს. ევროპარლამენტის წევრები ძლიერ მხარდაჭერას უცხადებენ ქართულ საზოგადოებას ქვენის შემდგომ დემოკრატიზაციაში.

რეზოლუციაში ასევე წერია გაფრთხილება პოლიტიკური ოპონენტებისთვის ხელის შესაშლელად სასამართლო სისტემის ბოროტად გამოყენების წინააღმდეგ, რაც ძირს გამოუთხრის საქართველოს მცდელობას, რომ წინ წაწიოს ქვეყანაში დემოკრატია. რეზოლუციის ტექსტი აფრთხილებს ქვეანაში მოქმედ ყველა პოლიტიკურ ძალას, თავიდან აიცილონ მომავალში სასამართლო სისტემის ინსტრუმენტალიზება და შერჩევითი სამართალი და განაგრძონ კორუფციისა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენების წინააღმდეგ ბრძოლა.

რეზოლუციაში ვკითხულობთ, რომ ასოცირების შეთანხმება უნდა აისახოს და სარგებლობა მოუტანოს საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებულ მთელ ტერიტორიას. ის ასევე მოუწოდებს ევროკავშირს, უფრო აქტიურად ჩაერთოს კონფლიქტების მოგვარებაში და უზრუნველყოს, რომ ჟენევის მოლაპარაკებებმა შედეგი გამოიღოს. კომიტეტი გმობს ოკუპირებული ტერიტორიების საქართველოს საზიანოდ გაფართოებას და სხვა ქმედებებს, რომლებიც ხელს უშლიან ნდობის აღდგენას.

რაც შეეხება რუსეთთან ურთიერთობას, ევროპარლამენტის წევრები მხარს უჭერენ საქართველოს ნაბიჯებს რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესების კუთხით და მოუწოდებენ რუსეთს, კონსტრუქციულად ჩაერთოს კონფლიქტების მშვიდობიანად გადაწყვეტაში. რუსეთმა ასევე სრულად უნდა სცეს პატივი საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას, უკან წაიღოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის აღიარება და წერტილი დაუსვას საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას.

დეკემბერში სტრასბურგში კენჭს უყრიან საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმების რატიფიცირებას და ასევე თანდართულ იურიდიულად არასავალდებულო რეზოლუციას. იმისთვის, რომ ამოქმედდეს საქართველოსთან ასოცირების შეთანხმება, ევროკავშირის წევრი ყველა სახელმწიფოს საკანონმდებლო ორგანომ დოკუმენტის რატიფიცირება უნდა მოახდინოს.

კომენტარები