უსუფაშვილის ვიზიტი ნიდერლანდებში

დავით უსუფაშვილი ნიდერლანდების სამეფოს სენატის პრეზიდენტს შეხვდა

parliament.ge

ნიდერლანდების სამეფოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი სენატის პრეზიდენტ ანკე ბროკერს-კნოლს შეხვდა. პრესსამსახურის ინფორმაციით, საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია და ქვეყნის მიერ ამ მიმართულებით მიღწეული პროგრესი იყო.

"როგორც აღინიშნა, ამ პროცესში ნიდერლანდების სამეფოს, როგორც ევროკავშირის დამფუძნებელი წევრის, მხარდაჭერა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ამავდროულად, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი ცხადყოფს საქართველოს სურვილს, ყველა მიმართულებით მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდეს ნიდარლანდების სამეფოსთან. საუბარი შეეხო ვიზა ლიბერალიზაციის საკითხებსაც.

მხარეებმა რეგიონალურ უსაფრთხოებაზე ისაუბრეს და დეტალურად განიხილეს ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში არსებული ვითარება და ის გამოწვევები, რომელთა წინაშეც საქართველო დგას. საუბარი შეეხო უკრაინაში შექმნილ ვითარებასაც. ხაზგასმით აღინიშნა, რომ საფრთხეებსა და გამოწვევებთან გასამკლავებლად საერთაშორისო თანამეგობრობა ერთიანი უნდა იყოს.

დავით უსუფაშვილმა და ანკე ბროკერს-კნოლმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და ნიდერლანდების სამეფოს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს და სამომავლოდ საპარლამენტთაშორისო ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავებაზე შეთანხმდნენ. როგორც მხარეებმა აღნიშნეს, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები უფრო აქტიური ხდება.

დავით უსუფაშვილმა ნიდერლანდების სამეფოს სენატის პრეზიდენტი ვიზიტით საქართველოში მოიწვია", - წერია პრესსამსახურის პრესრელიზში.

უსუფაშვილი ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გენერალურ დირექტორს პოლიტიკურ საკითხებში - ვიმ გეერტსაც შეხვდა. პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და იმ პროგრესს შეეხო, რომელსაც ქვეყანამ ამ მიმართულებით მიაღწია.

"მხარეებმა დეტალურად განიხილეს რეგიონში არსებული ვითარება და ის საფრთხეებიც, რომელთა წინაშეც საქართველო დგას. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, მნიშვნელოვანია, რომ გართულებებისა და ზიანის თავიდან ასაცილებლად, ეს საფრთხეები და გამოწვევები საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან რეაგირების გარეშე არ დარჩეს.

დავით უსუფაშვილმა და ვიმ გეერტმა ისაუბრეს NATO-სა და საქართველოს ურთიერთობებზეც.როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი NATO-სთან გაძლიერებული თანამშრომლობის პაკეტის ეფექტური იმპლემენტაციაა და ამისთვის საქართველო პარტნიორ ქვეყნებთან აქტიურ თანამშრომლობას გააგრძელებს", - ვკითხულობთ პრესრელიზში.

დღეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ჰააგის გლობალური სამართლის ინსტიტუტს ეწვევა, სადაც მისი საჯარო გამოსვლაა დაგეგმილი.

კომენტარები