პრემიერის ვიზიტი ბრიუსელში

პრემიერი: ასოცირების შეთანხმების რატიფიკაციას უდიდესი მნიშვნელობა აქვს

0 კომენტარი
ირაკლი ღარიბაშვილი ფოტო: facebook.com/GaribashviliOfficial

საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და ევროპარლამენტის პრეზიდენტმა მარტინ შულცმა შეხვედრის შემდეგ ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს. პრემიერის თქმით, ის აფასებს ევროპარლამენტისა და შულცის მხარდაჭერას საქართველოსა და მისი ევროპული არჩევანის მიმართ. მისივე მტკიცებით, საქართველოსთვის ასოცირების ხელშეკრულების რატიფიკაციას უდიდესი საკანონმდებლო, პოლიტიკური და სიმბოლური მნიშვნელობა აქვს.

"ვაფასებთ ღია დიალოგს პრეზიდენტ შულცსა და, ზოგადად, ევროპარლამენტთან. შეხვედრაზე ჩვენ განვიხილეთ ჩვენი თანამშრომლობის დღის წესრიგის ძირითადი მიმართულებები. ვაფასებთ ევროპარლამენტისა და ბატონი შულცის მხარდაჭერას საქართველოსა და მისი ევროპული არჩევანის მიმართ. 

საქართველოსათვის 2014 წელი არის მნიშვნელოვანი მიღწევების წელი. ასოცირების ხელშეკრულება წარმოადგენს საქართველოს ევროპეიზაციისა და მოდერნიზაციის გენერალურ გეგმას. ეს არის ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციისადმი საქართველოს ერთგულების ქმედითი გამოხატულება, რომელიც ქმნის ურყევ საფუძველს ჩვენი ურთიერთობების წარმატებული განვითარებისათვის. ასოცირების ხელშეკრულება არ არის ჩვენი თანამშრომლობის საბოლოო მიზანი.

საქართველო ელოდება დეკემბერში ევროპარლამენტის მიერ ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირებას, რასაც ჩვენთვის უდიდესი საკანონმდებლო, პოლიტიკური და სიმბოლური მნიშვნელობა აქვს.

გარდა ამისა, ეს იქნება პრეცედენტი ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ეროვნული პარლამენტებისთვის, რაც უზრუნველყოფს ასოცირების ხელშეკრულების სრულ განხორციელებას უახლოეს მომავალში. დღეს ასოცირების ხელშეკრულების ეფექტიან იმპლემენტაციას უპირველესი მნიშვნელობა ენიჭება. მივესალმებით ამ ყოვლისმომცველი ხელშეკრულების ნაწილობრივ განხორციელებას ამ მიზნით, და ვაცხადებთ სრულ მზადყოფნას, მივაღწიოთ დროულ წინსვლას ამ პროცესში. 

ჩვენს ფოკუსშია დემოკრატიის კონსოლიდაციის ინტენსიფიკაცია, კანონის უზენაესობისა და სამაგალითო მმართველობის განმტკიცება, მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობისა და ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის უზრუნველყოფა.

ამ მიზნით, ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ასოცირების ხელშეკრულების განხორციელებით საქართველო საბოლოოდ იქცევა სტაბილურ და ქმედით პლურალისტული დემოკრატიის ქვეყანად, რომელშიც უზრუნველყოფილია კონტროლისა და ბალანსის ეფექტიანი მექანიზმები და ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტები. ასევე უნდა აღვნიშნო, რომ ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შემოღება არის საქართველოს ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი.

ეს წარმოადგენს საქართელოს ევროინტეგრაციის ერთ-ერთ ყველაზე მომხიბვლელ შედეგს მოკლევადიან პერსპექტივაში და საქართველოს რიგით მოქალაქეებს მოუტანს საგრძნობ სარგებელს. საქართველომ წარმატებით დაასრულა ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის პირველი ეტაპი, რაც დადასტურდა კიდეც კომისიის უკანასკნელ, მეორე ანგარიშში პროგრესის შესახებ. ამით კი გზა ეხსნება ევროკავშირსა და საქართველოს შორის უვიზო რეჟიმის შემოღებას უსაფრთხო და კარგად მართულ გარემოში. ახალი რეალობა გვაქვს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობაში დღეს. მზად ვართ ევროპარლამენტთან დიალოგის ინტენსიფიკაციისთვის.

გუშინ შედგა ევროკავშირისა და საქართველოს ასოცირების საბჭოს პირველი სხდომა, რომელიც კიდევ ერთი ისტორიული მოვლენაა საქართველოს ევროპულ გზაზე. ამ სხდომაზე ჩვენ კიდევ უფრო მაღალ დონეზე ავიყვანეთ ჩვენი პოლიტიკური დიალოგი და ჩამოვაყალიბეთ ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების ახალი ინსტიტუციური ჩარჩო. ამ კონტექსტში ჩვენ იმედის თვალით შევყურებთ საქართველო-ევროკავშირის საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის შექმნას, როგორც ეს გათვალისწინებულია ასოცირების ხელშეკრულებით. ამ კომიტეტის მიზანი იქნება საპარლამენტო დონეზე სიღრმისეული პოლიტიკური დიალოგის ხელშეწყობა.

მადლობა ევროპარლამენტს იმ განცხადებებისათვის, რომლებიც შევიდა მის რეზოლუციებში საქართველოს ევროპული პერსპექტივის და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში მისი ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერად, ასევე იმ ძალისხმევისათვის, რომელიც მიმართულია კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისკენ", - თქვა პრემიერმა პრესკონფერენციაზე.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თურქეთიდან საქართველოში 508 აბი სუბუტექსის შემოტანისთვის თბილისის აეროპორტში 1 პირი დააკავეს

კომენტარები