თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების საქმე

დარჩიაშვილი: ივანიშვილი პირადად ადევნებდა თვალს თავდაცვის უწყების საქმეს

radiotavisupleba.ge

საპარლამენტო უმცირესობის წევრის დავით დარჩიაშვილის განცხადებით, "თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების წინააღმდეგ დაწყებული გამოძიების პროცესი რომ პოლიტიზირებულია, ამაში ეჭვი არ მეპარება". მისი შეფასებით, ამაზე მეტყველებდა ბიძინა ივანიშვილის დიდი დაინტერესება.

"თვეების მანძილზე, როგორც ჩანს, პირადად ადევნებდა თვალყურს ამ საქმეს და ცდილობდა ალასანიას წინააღმდეგ რაღაც ეპოვა. ხელისუფლება, ევროპარლამენტის რეზოლუციაზე უნდა იყოს მიყურადებული. როგორც იქ არის გაკრიტიკებული პოლიტიკური მოტივით დევნის საკითხები საქართველოში. მათთვის ბევრად უკეთესი იქნება, რომ ამას მიაქციონ ყურადღება", - თქვა დარჩიაშვილმა.

ცნობისთვის, თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ალასანიას განცხადებით, ე.წ. კაბელების საქმეზე ხელისუფლებას ბოლო გაფრთხილებას აძლევს. ის მოუწოდებს პროკურატურას, ადვოკატებს საქმის მასალები გადასცეს. 

"მე მივმართავ ხელისუფლებას და პროკურატურას, რომ ასეთი უკანონობა დროზე დაასრულონ. მთავარი ის არის, რომ გამოძიება ღიად უნდა წარიმართოს, მოეხსნას საქმეს გრიფი და ადვოკატებს მიეცეთ საშუალება, დაამტიცონ ამ ბიჭების უდანაშაულობა გამოძიების პროცესში. ეს ვერ განხორციელდება, თუ საქმის მასალებთან წვდომა არ ექნებათ. მე ბოლო გაფრთხილებას ვაძლევ ხელისუფლებას ამ კუთხით და, პირველ რიგში, პროკურატურას. ამის შემდეგ მე დავიწყებ საერთაშორისო ყურადღების და საზოგადოების მობილიზებას ამ საკითხის ირგვლივ", - განაცხადა ალასანიამ.

კომენტარები