გიორგი ანწუხელიძე

პრემიერი გიორგი ანწუხელიძის დედის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

ირაკლი ღარიბაშვილი დუისში
Irakli Garibashvili Official

საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის დედის ლილი ანწუხელიძის გარდაცვალების გამო.

"მხოლოდ სამშობლოზე უსაზღვროდ შეყვარებულ, თავდადებულ დედას შეეძლო ქვეყნისთვის გაეზარდა შვილი, რომელიც, სასტიკი წამების მიუხედავად, მტკიცედ, გაუტეხელად დადგა სიკვდილის პირისპირ და თავისი ვაჟკაცობითა და თავგანწირვით ღირსეული ადგილი დაიკავა საქართველოს ისტორიაში. გიორგი ანწუხელიძემ პიროვნული ღირსებისა და სამშობლოს ერთგულების დიდი მაგალითი მისცა მომავალ თაობებს.
ქალბატონმა ლილიმ კი დაგვიტოვა სულიერი სიმტკიცისა და გმირი დედის მაგალითი, რომელმაც წლების განმავლობაში ღირსეულად ატარა უდიდესი ტკივილი. პატივს მივაგებ მის ხსოვნას", - ნათქვამია პრემიერის განცხადებაში.

ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, ლილი ანწუხელიძის დაკრძალვასთან დაკავშირებულ ყველა საორგანიზაციო ხარჯს მთავრობა დაფარავს.

ლილი ანწუხელიძე დღეს დილით 55 წლის ასაკში გარდაიცვალა. მას ახმეტის რაიონის სოფელ ალვანში დაკრძალავენ. გარდაცვლილის დაკრძალვის ხარჯებს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო დაფარავს.

23 წლის გიორგი ანწუხელიძე 2008 წლის 9 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს ომის დროს, ერთ-ერთი შეტაკების შემდეგ, ტყვედ ჩავარდა, წამებისა და დაკითხვის შემდეგ კი, ცხინვალის მე-5 სკოლასთან, ძმათა სასაფლაოზე ცემით მოკლეს. 2008 წლის ნოემბრამდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ცხინვალიდან ათი ქართველის ცხედარი გადმოასვენეს, გენეტიკური ექსპერტიზით დადგინდა, რომ ერთ-ერთი მათგანი გიორგი ანწუხელიძე იყო. დაკრძალულია თბილისში, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე.

2009 წლის იანვარში ინტერნეტით გავრცელდა ვიდეოები, სადაც მისი წამების კადრები იყო ასახული.   

კომენტარები