შულცი: ევროპარლამენტს საქართველოში დემოკრატიის გაღრმავების მოლოდინი აქვს

facebook.com/GaribashviliOfficial

ევროპარლამენტის პრეზიდენტის, მარტინ შულცის თქმით, ევროპარლამენტს აქვს მოლოდინი საქართველოში დემოკრატიული სტრუქტურის გაღრმავებისა და სასამართლო სისტემის რეფორმირების კუთხით.

“პრემიერთან შეხვედრაზე წამოვჭერი ქვეყანაში რეფორმების საკითხი. აღვნიშნე, რომ ევროპარლამენტს აქვს მოლოდინი, ქვეყანაში დემოკრატიული სტრუქტურის გაღრმავებისა და სასამართლო სისტემის რეფორმირების კუთხით, რაც ასევე დაკავშირებულია ევროკავშირთან თანამშრომლობის შეთანხმებებთან და ეკონომიკურ და ფინანსურ დახმარებასთან, რომელსაც ევროკავშირი ქვეყნისთვის გასცემს”, - აღნიშნა შულცმა ბრიუსელში, ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.

ევროპარლამენტის პრეზიდენტის თქმით, ღარიბაშვილთან შეხვედრაზე მათ გააანალიზეს, რომ ევროპული მისწრაფებისა და ქვეყნის დემოკრატიული სტაბილურობისა და წარმატებისთვის ხელის შეწყობა საერთო მიზანია.

შულცმა ასევე აღნიშნა, რომ ევროპარლამენტი კიდევ ერთხელ, უფრო ყურადღებით გადახედავს სავიზო რეჟიმს, რათა ევროპის საერთო ბაზარი დაჩქარებული წესით გახდეს ხელმისაწვდომი ქართველი ინვერტორებისთვის.

“შევთანხმდით უფრო ახლო თანამშრომლობაზე, რათა გავაღრმაოთ შემდგომი ეკონომიკური ურთიერთთანამშრომლობა... ჩვენ კიდევ ერთხელ ყურადღებით უნდა გადავხედოთ სავიზო რეჟიმს, რათა უახლოეს პერიოდში ევროპის საერთო ბაზარი დაჩქარებული წესით გავხადოთ ხელმისაწვდომი საწარმოებისთვის, ინვესტორებისა და ცალკეული მეწარმეებისთვის”, - თქვა მარტინ შულცმა.

შულცისვე თქმით, ღარიბაშვილთან შეხვედრაზე განიხილეს ევროკავშირის რუსეთთან ურთიერთობაც, რაც პირდაპირ აისახება საქართველოზე.

“ჩვენ განვიხილეთ ევროკავშირის ურთიერთობა რუსეთთან, რაც პირდაპირ გავლენას ახდენს თქვენს ქვეყანაზე, თქვენს ურთიერთობაზე რუსეთთან და სიტუაციაზე აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. ჩვენ განვიხილეთ იქ არსებული მთელი რიგი პრობლემებისა”, - აღნიშნა ევროპარლამენტის პრეზიდენტმა.

შულცმა ასევე ხაზი გაუსვა იმას, რომ ევროპარლამენტი მიესალმება საქართველოს მონაწილეობას მალისა და ცენტრალურ აფრიკაში მიმდინარე ოპერაციებში, რაც, მისი თქმით, აჩვენებს, რომ საქართველო მუდამ მოწადინებულია, ხელი შეუწყოს საერთაშორისო დონეზე არსებული პრობლემების მოგვარებას.

კომენტარები