რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი

მოსკოვი უკრაინის NATO-ში არგაწევრიანების გარანტიებს ითხოვს

"რუსეთს სჭირდება ასპროცენტიანი გარანტია, რომ უკრაინა NATO-ს წევრი არ გახდება", - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა. მისი თქმით, არცერთი ქვეყანა კრემლს ამის გარანტიას არ აძლევს, რის გამოც რუსეთი შეშფოთებულია. პესკოვმა დასავლეთი ძალთა ბალანსის დარღვევის მცდელობაში დაადანაშაულა, რადგან ალიანსი რუსეთის საზღვრებს თანდათანობით უახლოვდება. 

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოსკოვში რუს კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ოპტიმიზმის საფუძველი უკრაინაში კონფლიქტის მოგვარების საკითხში არ არსებობს, რადგან მინსკის სამშვიდობო შეთანხმება არ სრულდება. თავის მხრივ, სერგეი ლავროვმა პასუხისმგებლობა შეთანხმების დარღვევაზე კიევს და დასავლეთს დააკისრა.

"არიან ადამიანები, არა მხოლოდ კიევში, არამედ მსოფლიოს სხვა ნაწილებშიც, რომლებიც კიევზე გავლენას ახდენენ. მათ სურთ, რომ მინსკის შეთანხმება ჩაიშალოს და სურთ, უკრაინის ბედი გადაწყდეს იმ ადამიანების გარეშე, რომლებიც საკუთარ მიწაზე ცხოვრების უფლებისთვის იბრძვიან. რათა აიძულონ მათ ის, რასაც ისინი არასდროს დათანხმდებიან", - განაცხადა სერგეი ლავროვმა.

მანამდე შტაინმაიერი კიევში იმყოფებოდა. უკრაინის პრემიერთან შეხვედრაზე მან განაცხადა, რომ მინსკის შეთანხმება იდეალური არ არის, მაგრამ მისი შესრულება აუცილებელია. თავის მხრივ, არსენი იაცენიუკმა ჟენევის მოლაპარაკებების განახლება მოითხოვა, რუსეთის, შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის მონაწილეობით.

"მინსკის შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ იყო სიტუაციის შედარებით დამშვიდების ეტაპი, როდესაც ბრძოლების ინტენსიურობა და ყოველდღიური მსხვერპლის რაოდენობა შემცირდა. მაგრამ ახლა არის სიტუაცია, როდესაც ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს მდგომარეობა დავძლიოთ და სიტუაცია ადრინდელს აღარ დაუბრუნდეს", - თქვა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანკ ვალტერ შტაინმაიერმა.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბოლო 3 დღის განმავლობაში რუსეთმა უკრაინაში დამატებით 100 ერთეული მძიმე ტექნიკა გადაისროლა. მათ შორის - ტანკები, ზალპური ცეცხლის დანადგარები და ქვემეხები. ქვეყანაში რუსეთიდან ცოცხალი ძალაც შემოდის.

კომენტარები