სასჯელაღსრულების დაწესებულება

კახიშვილი პატიმრების შესაძლო ცემაზე: დროული ექსპერტიზის ჩატარება გართულებულია

სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილის კახი კახიშვილის განცხადებით, იმის გამო, რომ ომბუდსმენმა გლდანის ციხეში პატიმრების სავარუდო წამების შესახებ ინფორმაცია ერთი კვირის დაგვიანებით გაავრცელა, დროული ექსპერტიზის ჩატარება გართულებულია. მისი თქმით, ამ მიზეზით, სასჯელაღსრულების დაწესებულება სრულყოფილი გამოძიების ჩატარების შესაძლებლობას მოკლებულია. ამასთან, კახიშვილმა განაცხადა, რომ დანაშაულის დადგენის შემთხვევაში, რეაგირება ძალიან მკაცრი იქნება.

"12 ნოემბერს ხდება შესაძლო დანაშაულზე საუბარი და ჩვენთან შეტყობინება პრესით მოდის 19-ში. ამიტომ, მოკლებულია სასჯელაღსრულების დაწესებულება სრულყოფილი გამოძიების ჩატარების შესაძლებლობას. სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზისთვის, დაზიანების წარმოშობის და სიმძიმის ხარისხის დადგენისთვის ძალიან მნიშვნელოვანია დროული ექსპერტიზის ჩატარება. ამიტომ დღეს ეს გართულებულია და ეს "გართულებული" რომ არ იყოს კითხვის ნიშნის ქვეშ, მივიდეთ და გავარკვიოთ ყველაფერი. ჩვენ ამისთვის მზად ვართ. მინისტრი აშშ-შია და კონტროლზე ჰყავს აყვანილი ეს საკითხი. იმ შემთხვევაში, თუ დადგინდა, რომ სისტემის თანამშრომლების მხრიდან ადგილი ჰქონდა სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების დროს გადამეტების ფაქტს, დამერწმუნეთ, რეაგირება იქნება ძალიან მკაცრი, კანონის ფარგლებში, მაგრამ ძალიან მკაცრი", - განაცხადა კახიშვილმა.

სახალხო დამცველის ინფორმაციით, ომბუდსმენის რწმუნებულებმა გლდანის ციხეში ჯაჭვით დაბმული და ნაცემი პატიმრები ნახეს. უჩა ნანუაშვილმა მთავარ პროკურორს თბილისის #8 სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომელთა სავარაუდო დანაშაულის შესწავლის წინადადებით მიმართა. 

"მიმდინარე წლის 12 ნოემბერს ომბუდსმენის რწმუნებულებს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის #8 დაწესებულებაში მონიტორინგისას, გონივრული მიღებისა და განთავსების განყოფილებიდან ყვირილისა და ჩხუბის ხმა მოესმათ. ინციდენტის ადგილზე რწმუნებულებს ამავე დაწესებულების დირექტორის მოადგილე და ადმინისტრაციის თანამშრომლები დახვდნენ, დერეფანში სისხლის ლაქა შეინიშნებოდა, ხოლო დაწესებულების თანამშრომლები სახალხო დამცველის რწმუნებულთა დანახვამ გააღიზიანა. საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულების კატეგორიული მოთხოვნის შედეგად, დაწესებულების თანამშრომლებმა მათ საშუალება მისცეს, ენახათ საშხაპე ოთახში დაკავებული მსჯავრდებული მ.ფ. და ბრალდებული მ.უ. ორივე დაკავებული სველი ტანსაცმლით იწვა იატაკზე. მ.უ.-ს ხელ-ფეხი ერთმანეთზე სპეციალური ჯაჭვით ჰქონდა მიბმული. ორივე პატიმარს გარეგნულად აღენიშნებოდა ძალადობის კვალი, მათ შორის, სახეზე. მ.უ.-ს შუბლის არეში ჰქონდა ნაკვეთი ჭრილობა, საიდანაც მოსდიოდა სისხლი, ასევე, სხვა მრავლობითი დაზიანებები, ხოლო მ.ფ.-ს მარჯვენა თვალში აღენიშნებოდა სისხლჩაქცევა. საქართველოს სახალხო დამცველი მოითხოვს მსჯავრდებულ მ.ფ.-სა და ბრალდებულ მ.უ.-ს მიმართ განხორციელებულ შესაძლო არასათანადო მოპყრობის ფაქტზე გამოძიება დაუყოვნებლივ დაიწყოს და აწარმოოს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ; დროულად ჩატარდეს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა ბრალდებულების სხეულზე არსებული დაზიანებების ხარისხის, ხასიათის, ხანდაზმულობის, წარმოშობისა და განვითარების მექანიზმის დასადგენად; საგამოძიებო ორგანომ დროულად ამოიღოს მითითებული ფაქტის ამსახველი ვიდეო-ჩანაწერები", - ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.

კომენტარები